ვეჯინის ხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჯინის ხევი, ვეჯინი, ხეობა სოფ. გლდანის დასავლეთით. მოიცავს ტერიტორიას ჯოხტნის-ხევიდან დიდველის მთამდე. ადგილ. მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან აყრილი მოსახლეობა კახეთის სოფ. ვეჯინში ჩასახლებულა. შემონახული ძეგლების მიხედვით ვ. ხ-ის ტერიტ. უკვე ადრინდ. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. ხეობის დასაწყისიდან 1 კმ-ზე, მთის ფერდობზე, VIII–IX სს. სასახლის კომპლექსის საკმაოდ მოზრდილი დარბაზის (23,5 × 8,5) და რამდენიმე მომცრო ოთახის ნანგრევებია. კედლები შიგნიდან თლილი ქეით ყოფილა შემოსილი, კედლის სისქეში დატანებულია წყალსადენის კერამ. მილები. აქაც, ისევე როგორც კახეთის პალატებში, ხეობისაკენ მიმართული დიდი სარკმლებია, რ-ებიც პირდაპირ იატაკიდან იწყება, ვ. ხ-ის სასახლე ქართ. საერო არქიტ. მნიშვნელოვანი ძეგლია. სასახლის ჩრდ.-აღმ-ით, ასიოდე ნაბიჯზე, დგას პატარა ერთნავიანი ეკლესია, რ-იც, როგორც ჩანს, ასრულებდა კარის ეკლესი-ის დანიშნულებას და სასახლესთან ერთად ერთიან კომპლექსს შეადგენდა. ეკლესიაში შემონახულია ერთიანი ქვისგან გამოთლილი სატრაპეზო, რ-ზეც გამოსახულია წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ცოტა მოშორებით, ტყეში, კიდევ 2 პატარა ეკლესიაა, რ-ებიც ასევე სასახლის კომპლექსის მსგავსია სამშენებლო მასალით, წყობით და არქიტ. ფორმებით. ამავე კომპლექსს მიეკუთვნება სასახლიდან დაახლ. 300 დაშორებით მდებარე პატარა დარბაზული ეკლესია. ეკლესია სადაა, მორთულობის გარეშე, მხოლოდ სამხრეთის ფასადის კედლის წყობაშია ჩართული მწვანე ქვისგან გამოთლილი მოჩუქურთმებული სტელისა და მისი ბაზისის ფრაგმენტები. ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960. თ. საყვარელიძე.