ვიზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიზა (ფრანგ. visa < ლათ. visus – გასინჯვა), 1. სახელმწიფოდან გასვლის, სხვა სახელმწიფოში შესვლის ან სახელმწიფო ტერიტორიის გადაკვეთის უფლების აღნიშვნა მოქალაქის პას-პორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში. ვ-ს გასცემს კომპეტენტური სახელმწ. ორგანო გარკვეული ვადით. საქართვ. მოქალაქისათვის ვ-ს გასცემს უცხოეთის საელჩო ან საკონსულო, უცხოელისათვის – საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყ-ბა. ეროვნ. კანონით შეიძლე-ბა გათვალისწინებულ იქნეს ვ-ის გაცემის გამარტივებული წესი. მაგ., უცხოელისათვის ვ-ის აღნიშვნა პასპორტში ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე – აეროპოტში. სახელმწიფოში შესვლის, სახელმწიფოდან გასვლის ან სახელმწ. დატოვების უვიზო წესი რეგულირდება სახელმწიფოთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ერთი სახელმწიფოდან მეორეში მოსახვედრად მესამე სახელმწ. ან სახელმწიფოების გადაკვეთისას საჭიროა სატრანზიტო ვიზა. სატრანზიტო ვ. არ სჭირდება მგზავრს საა-ვიაციო და საზღვაო ხაზებზე, თუკი იგი არ ტოვებს აეროპორტს ან ნავსადგურს. ასეთი ვ. არ სჭირდება უცხო ქვეყნის ნავსადგურში სავაჭრო გემის ეკიპაჟსაც, რ-საც შეუძლია გადავიდეს ნაპირზე და დაყოს გარკვეული დრო ამა თუ იმ ტერიტ. ფარგლებში. ქვეყნის მთავრობის წევრებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებზე, დიპლ. მისიების წევრებსა და დიპლ. კურიერებზე გაიცემა დიპლომატიური ვიზა – საგარეო უწყების, დიპლ. ან საკონსულო დაწესებულებების მიერ პასპორტში გაკეთებული განსაკუთრებული აღნიშვნა, რაც ნიშნავს პირის დიპლ. სტატუსის აღიარებას. საქართველოში აკრედიტებული დიპლ. წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები საქართველოში პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვ-ს. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე, თუ საერთაშ. ვალდებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს შეუძლიათ საქართვ. ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე. საერთაშ. ხელშეკრულებებით გათვალისიწინებულია გარკვეულ სახელმწიფოებში უვიზო მიმოსვლა ან მიმოსვლის შეღავათიანი რეჟიმი, მაგ., საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული შეთანხმების ახ. წესები, რ-ებიც ძალაშია 2011 წ. 1 მარტიდან. წესების მიხედვით, შეთანხმების მიზანია გაამარტივოს საქართვ. მოქალაქეებისთვის ვ-ის გაცემის პროცედურა, რაც ითვალისწინებს ყოფნას არა უმეტეს 90 დღისა თითოეულ ჯერზე, 180-დღიანი მთლიანი პერიოდიდან. ეს შეთანხმება არ ეხება შემდეგ სახელმწიფოებს: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიას, დანიის სამეფოს, ისლანდიის რესპუბლიკას, ნორვეგიის სამეფოს, შვეიცარიას, ლიხტენშტაინს. საერთაშ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია აგრეთვე გარკვეულ სახელმწიფოებში უვიზო მიმოსვლა. მაგ., შენგენის ვიზა – ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო კონტროლის გარეშე გადაადგილების უფლება. ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს რეგულაცია 539/2001, რ-იდანაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 25 სახელმწ. იყენებს და ახორციელებს სრულ საერთო სავიზო პოლიტიკას. ერთ-ერთ ამ ქვეყანაში გაცემული ვიზა მოქმედებს, არა მხოლოდ მისი გამცემი ქვეყნისათვის, არამედ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე. 2. ფართო მნიშვნელობით ვ. ნიშნავს თანამდებობის პირის წარწერას რაიმე დოკუმენტზე ან აქტზე, მისი ნამდვილობის დადასტურების ან მისთვის ოფიც. ძალის მიცემის მიზნით. მ. კვაჭაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვიზა&oldid=9630-დან“