ვილშაუ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვილშაუ ვიქტორ რობერტის ძე [17 (29). IV. 1870, მოსკოვი, – 11. IV. 1937, თბილისი], მევიოლინე, პედაგოგი. ეროვნებით გერმანელი. 1886 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (ი. გრჟიმალ-ის სავიოლინო კლასი). შემდეგ დაოსტატების მიზნით გაემგზავრა გერმანიაში. თავდაპირველად მეცადინეობდა ჰ. პეტრისთან, შემდეგ კი – ი. იოახიმთან. პედაგოგად მუშაობდა ტამბოვის სამუსიკო სასწავლებელში, 1898 კი – თბილ. პირველ სამუსიკო სასწავლებელში. აქ მან ძლიერი სავიოლინო სკოლა შექმნა. მისი მოღვაწეობის წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასწავლებელში ვიოლინოს შემსწავლელთა რიცხვი. იგი მევიოლინეთა საუკეთესო კადრებს გზავნიდა პეტერბურგისა და მოსკოვის კონსერვატორიებში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა სიმებიანი ანსამბლების (კვარტეტის, კვინტეტის, ტრიოს) შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართ. საზ-ბის მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოებში. 1917 სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა თბილ. კონსერვატორია. ამავე წელს სამუსიკო სასწავლებლის სამხატვრო საბჭომ ვ. აირჩია კონსერვატორიის პროფესორად. მის მოწაფეთაგან ცნობილია პირველი ქართვ. მევიოლინე ქალი თ. ძნელაძე.