ვირსალაძე ელენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე. ბ. ვირსალაძე.png


ვირსალაძე ელენე ბაგრატის ასული (29. VI. 1911, თბილისი, – 11. III. 1977, იქვე), მეცნიერი, ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ დამს. მოღვაწე (1965). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1930), შემდეგ – ლენინგრადის ლიტერატურის, ენისა და ფილოს. ინ-ტის ასპირანტურა (1935). 1936-იდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში. პარალელურად კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და სხვადასხვა პედ. ინ-ტში. 1976-იდან ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრას. იკვლევდა ქართ. ფოლკ-ლორის აქტუალურ საკითხებს: მითოლ. პრობლემებს, ეპიკურ ტრადიციათა თავისებურებებს ზეპირსიტყვიერებაში, ხალხ. ლირიკას, ფოლკლორში თანამედროვე თემატიკის ასახვის ფორმებს, ლიტ.-ფოლკლორულ ურთიერთობებს და სხვ. ვ-ს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის ეროვნ. ზეპირსიტყვიერების შეკრება-გამოცემაში. აქტიურად მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. მის მიერ შეკრებილი მასალის დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია გამოკვლევებითა და მეცნ. კომენტარებით. ამ მხრივ აღსანიშნავია ვ-ის “რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები” (ტ. I, 1949; II–1958), “ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება” (1958), “ქართული ხალხური თქმულებები და ლეგენდები” (რუს. ენაზე, 1973) და სხვ. მონაწილეობდა “ქართული ხალხური პოეტური შემოქმედებისა” (ტ. 1–3, 1960–73) და “ქართული ხალხური პოეზიის” თორმეტტომეულის (1972–84) შედგენაში, რისთვისაც მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1988, სხვებთან ერთად). ვ-ის მონოგრაფია “ქართული სამონადირო ეპოსი” (1964) ქართ. ფოლკლორისტიკის მნიშვნელოვანი შენაძენია. იგი რუსულადაც დაიბეჭდა მოსკოვში (სერია – აღმოსავლეთის ფოლკ-ლორისა და მითოლოგიის გამოკვლევები; 1976). ვ. იყო ნარატიული ფოლკლორის საერთაშ. საზ-ბის წევრი (1974). მისი სამეცნ. ნაშრომები თარგმნილია რუს., ფრანგ., ინგლ. და გერმ. ენებზე. ფ. ზანდუკელი.