ვისრამიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოაბადისა და ვისის ქორწილი.png


“ვისრამიანი”, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, XI ს. სპარსელი პოეტის ფახრ ალ-დინ ასად გორგანის სამიჯნურო პოემის “ვის ო რამინის” პროზაული თარგმანი, შესრულებული XII ს. I ნახევარში. ტრადიციულად “ვ-ის” მთარგმნელად სარგის თმოგველს ასახელებენ. “ვ.” იმთავითვე იქცა ქართ. ლიტ-რის ორგ. ნაწილად და სიტყვაკაზმული მწერლობის იმ კლასიკურ ფონდს შეუერთდა, რ-მაც სათავე მისცა ქართ. საერო ლიტ-რას. “ვ-ით” ქართვ. მკითხველის დაინტერესება აიხსნება ხსენებული ხანის ქართ. მწერლობაში საერო ტენდენციების მომძლავრებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მომხდარი სოც.-პოლიტ. ძვრების კანონზომიერი შედეგი იყო. გორგანის პოემის მკვეთრად გამოხატული საერო ჟღერადობა სავსებით შეესატყვისებოდა გაერთ. საქართვ. ფეოდ.-რაინდული საზ-ბის განწყობილებასა და სულიერ მოთხოვნილებას. მსგავსი გმირები უცხო არაა კლასიკური პერიოდის ძეგლებისათვის (“აბდულმესიანი”, “თამარიანი”, “ვეფხისტყაოსანი”, ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”). “ვ-ისადმი” ინტერესი არც აღორძინების ხანაში შენელებულა. მეფე-პოეტ არჩილს გაულექსავს მისი ქართ.პროზაული რედაქცია (დაახლ. მეოთხედი ნაწილი). ვისისა და რამინის სამიჯნურო თავგადასავალი მოთხრობილი აქვს აგრეთვე თეიმურაზ II-ს თავის “სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასებაში”. ქართველმა მკითხველმა “ვ.” ორიგინ. თხზულებად აღიქვა და ისე შეითვისა, რომ დიდხანს, თვით XIX ს. დამლევამდეც კი, მისი არაქართული წარმოშობის საკითხს ეჭვის თვალით უყურებდა. ნათარგმნი თხზულების ასეთი იშვიათი წარმატება, ორიგინალის მიმზიდველ სიუჟეტსა და მხატვრულ ღირსებასთან ერთად, განაპირობა მთარგმნელის დიდოსტატობამ. “ვ.” დღემდე რჩება თარგმნითი ხელოვნების სრულყოფილების კლასიკურ ნიმუშად. მთარგმნელს ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოაქვს დედნის როგორც შინაარსობრივი, ასევე ლექსიკური მხარე და მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას, შემოქმედებითად მიუდგეს სათარგმნ მასალას. იგი ზოგჯერ კვეცს პოემის ამა თუ იმ პასაჟს ან ერთ ლაკონურ ფრაზაში ათავსებს რამდენიმე სალექსო სტრიქონის აზრს, რაც მეტ მოქნილობას ანიჭებს თხრობას; ხშირად აძლიერებს და მომეტებული გამომსახველობით ტვირთავს დედნის პოეტურ სახეებს, ანდა სრულიად ცვლის მათ შესატყვისი ქართ. ეკვივალენტებით. განსაკუთრებით საგულისხმოა დედანში ჩარევის ის შემთხვევები, რ-ებითაც მჟღავნდება მთარგმნელის დამოკიდებულება გორგანის პოემის იდეურ კონცეფციასთან. იმ ცალკეული სიტყვებითა და ფრაზებით, რ-ებსაც მთარგმნელი ზოგჯერ ურთავს დედნის ტექსტს პროზაული თხრობის გასამართავად ან ქვეტექსტის გამოსავლენად, იგი ერთგვარ თანამშრომლობას უწევს ავტორს, ეხმარება ჩანაფიქრის გახსნაში, შემოქმედებითად ავითარებს, აღრმავებს მის აზრებს. ეს თავისებური კომენტარები შუქს ჰფენს პოემის იდეური კონცეფციის შესახებ ბევრ სადისკუსიო საკითხს და ააშკარავებს ამ უძველესი რომანის მხატვრული სპეციფიკის ზოგ ისეთ ნიუანსს, რ-იც შეუმჩნეველი დარჩათ ან მცდარად განმარტეს მისმა გვიანდ. კომენტატორებმა. მთარგმნელი ამკვეთრებს დედნისათვის ისედაც ნიშანდობლივ რეალისტურ და ფსიქოლ. ტენდენციას; ეს მოწმობს, რომ მთარგმნელის ესთეტ. მრწამსი თანხვდება ავტორისეულს. აღსანიშნავია “ვ-ის” უმდიდრესი ქართ. ფრაზეოლოგია, რაც ამ ნათარგმნ თხზულებას ორიგინ. იერს ანიჭებს. “ვ-ის” ტექსტი გამოცემულია 5-ჯერ (1884, 1938, 1960, 1962, 1964). მეოთხე, აკად. გამოცემა, წარმოადგენს კრიტიკულად დადგენილ ტექსტს; მეხუთე გამოცემა ძირითადად ამ ტექსტის გამეორებაა. “ვ-მა” უდიდესი როლი შეასრულა თვით სპარს. დედნის კრიტ. ტექსტის დადგენაშიც. გორგანის პოემის სპარს. ხელნაწერებმა ჩვენამდე მცირე რაოდენობით მოაღწია. ისინი გვიანდ. ხანისაა (XVI–XVIII სს.) და, ცხადია, მეტ-ნაკლებად დაშორებულია პირვანდელ სახეს. ასეთ ვითარებაში ჯერ კიდევ XII ს-ში შესრულებულ ქართ. თარგმანს, რ-იც ტექსტობრივად ზედმიწევნით ახლოს დგას დედანთან, პირველხარისხოვანი საკონტროლო ნუსხის მნიშვნელობა აქვს. “ვ-ისა” და ყველა სპარს. ხელნაწერის გათვალისწინებით მ. თოდუამ და ა. ა. გვახარიამ დაადგინეს და გამოსცეს გორგანის “ვის ო რამინის” კრიტ. ტექსტი (თეირანი, 1970). აღსანიშნავია “ვ-ის” როლი დედნის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც. ევრ. მკითხველმა გორგანის თხზულების სრული ტექსტი პირველად სწორედ ქართ. ვერსიის მეშვეობით გაიცნო, როდესაც ლონდონში გამოქვეყნდა ამ ვერსიის ო. უორდროპისეული ინგლ. თარგმანი (1914). “ვ.” თარგმნილია აგრეთვე რუს. და გერმ. ენებზე. გამოც.: ვისრამიანი, ა. გვახარიას და მ. თოდუას გამოც., თბ., 1962; არჩილი, ვისრამიანი, თხზ. სრ. კრ. ორ ტომად, ტ. 1, თბ., 1936; Висрамиани. Грузинский роман XII века и персидская поэма XI века «Вис и Рамин», М.–Л., 1938; Висрамиани. Вис и Рамин, пер. с древнегруз. С. Иорданишвили, Тб., [1966]; Visramiani. Transl. from the Georgian version by O. Wardrop, L., 1966; Wisramiani..., Übertr. aus dem Georgischen und Nachwort von R. Neukomm und K. Tschenkeli, Z., 1957; Wis und Ramin. Aus dem Georgischen übersetzt von N. Amaschukeli und N. Chuzischwili, Lpz., 1991. ლიტ.: აბულაძე ი., “ვისრამიანის” ტექსტისათვის, კრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, თბ., 1935; ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1945; [ტ.] 5, თბ., 1971; გვახარია ა., ვისრამიანის ტექსტოლოგიური საკითხები, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, III, თბ., 2002; იმედაშვილი გ., ვისრამიანი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; კალაძე ი., ვისრამიანის პოეტური რედაქციის შესახებ, «თსუ შრომები», 1962, ტ. 99; მისივე, “ვისრამიანის” მთარგმნელობითი მეთოდის ერთი ასპექტის გამო, «მაც-ნე», 1973, #3; კარტოზია გ., ტექსტოლოგიური გამოკვლევები, თბ., 2004; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; კობიძე დ., ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურ-თიერთობანი, [ტ.] 2, თბ., 1969; მამაცაშვილი მ., გორგანის “ვის ო რამინ” და ქართული ვისრამიანი, თბ., 1977; Мაрр Н. Я., К вопросу о влиянии персидской литературы на грузинскую, «Журнал Министерства народного просвещения», 1897, март; მისივე, Из грузино-персидских литературных связей, «Записки Коллегии востоковедов», 1925, [т.] 1; მისივე, Вопросы „Вепхисткаосани“ и „Висрамиани“, Тб., 1966. ი. კალაძე.