ვიტსენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიტსენი (Witsen) ნიკოლაას კორნელის (8. V. 1641, ამსტერდამი, – 10. VIII. 1717), ჰოლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი – აღმოსავლეთმცოდნე, კარტოგრაფი. ადრევე დაინტერ-ესდა აღმოსავლეთით. 1664–65 ჰოლანდიის ელჩობის წევრი იყო რუსეთში, სადაც შეკრიბა რუსეთისა და მის მეზობლად მცხოვრებ ხალხებზე ეთნოგრ. მასალები, რაც საფუძვლად დაედო მის მიერ შედგენილ ამ რეგიონის რუკას (1687) და ნაშრომს “ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ თათრეთი” (1692). ამ წიგნში საგანგებო თავი დაეთმო საქართველოსა და ქართველებს. ვ. მოსკოვში შეხვდა ნიკოლოზ ბატონიშვილს (შემდეგში ერეკლე I). სამშობლოში დაბრუნებული ვ. ამსტერდამის ბურგომისტრად დანიშნეს. 80-იან წლებში ვ. დაინტერესდა მოსკოვში მყოფი ქართველებით. არჩილ II-მ რუსეთში ჰოლანდიის რეზიდენტის ბარონ კელერის მეშვეობით ვ-ს წერილი გაუგზავნა და ქართ. შრიფტის დამზადება შესთავაზა. წერილთან ერთად ვ-მა მიიღო კალი-გრაფიულად შესრულებული ქართ. ანბანი, რ-იც მან 1692 გამოცემულ თავის ნაშრომში შეიტანა. 1697 ჰოლანდიაში რუსეთის “დიდი ელჩობის” ჩასვლის შემდეგ, მან ახლო ურთიერთობა დაა-მყარა ალექსანდრე ბატონიშვილთან არჩილ II-ის ძესთან). ვ-ის ხელშეწყობით ალექსანდრე ბატონიშვილმა, რ-იც ჰოლანდიაში 1699-მდე დარჩა, საარტ. საქმე აითვისა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან. ვ-მა ალექსანდრესა და მისი მხლებლებისაგან ჩაიწერა ცნობები სამეგრელოზე, ჩერქეზეთზე, ქართ. დამწერლობაზე. ვ-სა და ალექსანდრეს შემოქმედებითმა ურთიერთო-ბამ ასახვა პოვა დასახელებული წიგნის II გამოცემაში (1705), რ-ის ნაწილი საქართველოს შესახებ ძირეულად არის გადახალისებული და შევსებული. აქვე შევიდა ვ-ის მიერ ალექსან-დრე ბატონიშვილის დახმარებით შედგენილი უნიკალური ჰოლანდიურ-ქართ. ლექსიკონი და ვ-ის თხოვნით ჰოლანდიელი მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნიკოლოზისა (ერეკლე I) და არჩილ II-ის ერთობლივი სურათი. მისი ნაშრომი ერთ-ერთი მდიდარი წყაროა საქართველო-კავკასიის ისტორიის შესახებ. თხზ.: Noord en Oost Tartarye, Amsterdam, 1705. ლიტ.: ვათეიშვილი ჯ., ნიკოლაას ვიტსენი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1977; მისივე, Грузия и европейские страны, т. 1, кн. 2, М., 2003. ჯ. ვათეიშვილი. ფ. სიხარულიძე.