ვოზროჟდენიე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვოზროჟდენიე”, ყოველდღიური რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. დაარსდა თბილისში 1905 წ. 1 (14) ოქტომბერს და გამოდიოდა 11 (24) დეკემბრამდე (სულ გამოვიდა 45 ნომერი), წლის ბოლოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მისი გამოცემა შეწყდა. 1906 წ. 19 თებერვლიდან (4 მარტი) “ვ.” კვლავ განახლდა და 25 თებერვლამდე (10 მარტი) გამოვიდა გაზეთის 6 ნომერი. 1906 წ. მარტიდან “ვ.” გადაიქცა ყოველდღიურ გაზეთ “ვესტნიკ ვოზროჟდენიად” (“Вестник возрождения”), რ-მაც 19-იდან 24 მარტამდე (#1–5) იარსება. გამოცემამ დე-იურე იარსება 1906 აგვისტომდე და გაუქმდა გაკოტრების გამო. შემდეგ გამოცემა კვლავ განახლდა 1917 – 20 წლებში და გაგრძელდა 1921-მდე (რედ. – ა. მდივანი, გამომცემელი – პ. გოთუა). სტრუქტურულად “ვ.” მკვეთრად განსხვავდებოდა მისი თანამედროვე “კავკაზისა” და “ნოვოე ობოზრენიესაგან”. გამოცემას ახასიათებდა სტრუქტურული სიმარტივე, “ვ-ს” სტატიათა უმრავლესობა მის რედაქტორს პ. გოთუას ეკუთვნოდა (ფსევდონიმი – “გურიეც”). ფსევდონიმების უმრავლესობა “ვ-ში” გაშიფრული არ არის. ცნობილია მხოლოდ მუდმივ თანამშრომელთა – პ. გოთუას, გ. ლასხიშვილის, პ. გელეიშვილის, ბ. გვაზავას, დ. ყიფიანის ფსევდონიმები და კრიპტონიმები. “ვ-ს” დაარსებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა რევოლუციურმა მოძრაობამ. XX ს. დასაწყისის საქართვ. რუსულენოვანი ჟურნალისტიკის ისტორიაში პ. გოთუას გაზეთი “ვ.” შევიდა როგორც რევ. გამოცემა, თუმცა იგი არასოდეს ყოფილა ამა თუ იმ პარტიის ან საზ.-პოლიტ. დაჯგუფების ინტერესების გამტარებელი. ლიტ.: ანანიაშვილი ნ., გაზეთ “ვოზროჟდენიეს” (1905–1906 წწ.) ისტორიის ზოგიერთი ასპექტი, «მაცნე», 1993, #1; Зерцалов Г., Библиография русской периодики Грузии, ч. 1 (1828 – 1920), Тб., 1941.