ვოლინსკი არტემ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლინსკი არტემ პეტრეს ძე [1689–27. VI (8. VII). 1740, პეტერბურგი], რუსი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. 1717–18 რუს. ელჩობას ხელმძღვანელობდა ირანში, რ-ის დროსაც ურთიერთობა დაამყარა ქართველ და სომეხ მოღვაწეებთან. 1719–24 იყო ასტრახანის გუბერნატორი. დიდი წვლილი მიუძღვის 1722–23 პეტრე I-ის მეთაურობით კასპიისპირეთის ლაშქრობის მომზადებასა და განხორციელებაში. აქტიურად უჭერდა მხარს რუს. არმიის და ვახტანგ VI-ის ჯარის შეერთებისა და ირანში ლაშქრობის გეგმას. 1725–30 იყო ყაზანის გუბერნატორი, 1738-იდან – კაბინეტ-მინისტრი და იმპ. ანა ივანეს ასულის უახლოესი თანამშრომელი. ცდილობდა შეესუსტებინა უცხოელთა გავლენა სასახლის კარზე, რისთვისაც გარს შემოიკრიბა რუს თავადაზნაურთა წრე. 1740 დააპატიმრეს, ბრალად დასდეს სახელმწ. ღალატი და სიკვდილით დასაჯეს. ვ-ის ირანში ელჩობის მასალებში, კერძოდ, მის თხზულებაში “სპარსეთის აღწერა”, არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია ავტორის შეხედულება ქართ. მხედრობის ბრძოლისუნარიანობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ქართვ. ცხენოსანთა ლაშქარი, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის ირანელთა მრავალრიცხოვან ჯართან შეტაკების დროს. ლიტ.: Пайчадзе Г. Г., Русско-грузинские отношения в 1725–1735 годах, Тб., 1965.