ვოლობუევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლობუევი ალექსანდრე ვიქტორის ძე (8. XI. 1907, ქ. ყარსი, – 18. X. 1963, სოხუმი), არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). თბილისში დაამთავრა ამიერკავკ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1933). 1938–41 მუშაობდა მოსკოვში (მონაწილეობდა საბჭოების სასახლის დაპროექტებაში), შემდეგ – თბილ. საპროექტო ინ-ტებში (“თბილქალაქპროექტი”, “საქკომუნპროექტი” და სხვ.), ხოლო 1954-იდან გარდაცვალებამდე – სოხუმში (“საქქალაქმშენსახპროექტის” სოხუმის ფილიალი). მისი პროექტებით აშენებულია საცხოვრ. და საზ. ნაგებობები თბილისში, ბათუმში, ჭიათურასა და ცხინვალში. თანაავტორია თბილისში ფუნიკულიორის ზედა სადგურის არქიტექტურისა (1938; ავტორები ზ. და ნ. ქურდიანები); დააპროექტა: სოხუმში – საჰაერო დაცვის საუწყებო სანატორიუმის საძილე კორპუსი, სოხუმის მთის ტყე-პარკის ობიექტები (თ. თელიასთან, ლ. ლითანიშვილთან, თ. მაჭარაშვილთან, ლ. მუშკუდიანსა და ს. ცინცაბაძესთან ერთად); მიუსერასა და გუდაუთაში – დასასვენებელი სახლები; ეშერაში – რესტორანი (ვ. ნოსკინთან ერთად; ყველა – XX ს. 50-იანი წწ.) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ს. კინწურაშვილი.