ვრონსკი-ნადირაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. ვრონსკი-ნადირაძე.png


ვრონსკი-ნადირაძე ვახტანგ ივანეს ძე (28. VIII. 1905, თბილისი, – 27. II. 1988, კიევი), ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, პედაგოგი. სსრკ სახ. არტისტი (1962), საქართვ. სახ. არტისტი (1971). 1923 დაამთავრა თბილ. საბალეტო სკოლა. 1923–25 მუშაობდა როსტოვის მუსკომედიის თეატრში. იყო თბილისის (1925–26), ბაქოს (1926–32), ტაშკენტისა და სხვ. ოპერისა და ბალეტის თეატრების წამყვანი სოლისტი; ბაქოს (1932 და 1937–40), სარატოვის (1933–37), ოდესის (1940–54) (პარალელურად 1941–44 დნეპროპეტროვსკის) და კიევის ტ. შევჩენკოს სახ. (1954–63) ოპერისა და ბალეტის თეატრების მთ. ბალეტმაისტერი, უკრაინის ცეკვის სახელმწ. ანსამბლის (1951–54) მხატვრული ხელმძღვანელი. 1960-იდან პარალელურად ხელმძღვანელობდა უკრაინულ “ბალეტს ყინულზე”. 1934-იდან ასწავლიდა სარატოვისა და ბაქოს საბალეტო სკოლებში. მის მიერ შესრულებული როლებია: პრინცი (პ. ჩაიკოვსკის “გედების ტბა”), ვაცლავი (ბ. ასაფიევის “ბახჩისარაის შადრევანი”), უფლისწული (ჩ. პუნის “კუზიანი კვიცი”), ფრანცი (ლ. დელიბის “კოპელია”) და სხვ.; დადგმები: ა. ბადალბეილის “ქალწულის კოშკი” (1940, ს. კევორკოვთან ერთად), კ. დანკევიჩის “ლილეა” (1956), ე. რუსინოვის “ოლესია” (1947), ფ. იარულინის “შურალე” (1955), გ. ჟუკოვსკის “როსტისლავა” (1955), ს. პროკოფიევის “რომეო და ჯული-ეტა” (1955), ბ. ასაფიევის “ბახჩისარაის შადრევანი” (1961), ა. ხაჩატურიანის “სპარტაკი” (1964), ზნატოკოვის “თავადის ქალი ვოლკონსკაია” (1966), ბ. იაროვინსკის “პოემა მარინაზე” (1968); ცეკვები – ზ. ფალიაშვილის ოპერაში “დაისი” ( ა. წუწუნავას დადგმა) და სხვ. ყინულზე დადგა ბალეტები: “გაზაფხულის ზღაპარი”, “სამოცი წუთი დედამიწის გარშემო” და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა. ჩხეიძე.