ვსევოლოდსკის ელჩობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვსევოლოდსკის ელჩობა კახეთში 1593–94, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. მოეწყო იორამისა და კირილეს ელჩობის საპასუხოდ, როდესაც კახეთის მეფემ, ალექსანდრე II-მ რუს. ხელმწიფეს, თედორე ივანეს ძეს სთხოვა დაეცვა კახეთი საშამხლოს თავდასხმებისაგან. ვ. ე-მ ალექსანდრე II-ს საჩუქრებთან ერთად გადასცა ბორის გოდუნოვის (რ-საც თედორე მეფემ კახეთის საქმეები მიანდო) წერილი, რ-შიც ნათქვამი იყო, რომ რუს. ხელმწიფემ ჯარი გაგზავნა საშამხლოში. გოდუნოვი კახეთის მეფეს სთხოვდა, მასაც გაეგზავნა ჯარი ტარკში და რუს. ჯარის სარდალთან შეთანხმებით ემოქმედა. ვ. ე-ს სამშობლოში დაბრუნებისას გაჰყვნენ კახეთის სამეფოს ელჩები – ხურშიტა და იორამი. წყარო: Белокуров С. А., Сношения России с Кавказом, в. 1 (1578–1613), М., 1889. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967. ვ. მაჭარაძე.