ვუნდტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვუნდტი (Wundt) ვილჰელმ მაქსიმილიან [16.VIII. 1832, ნეკარაუ (ბადენი), – 31.VIII. 1920, გროსბოთენი, ლაიფციგის მახლობლად], გერმანელი ფსიქოლოგი, ფიზიოლოგი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი. ფიზიოლ. პროფესორი ჰაიდელბერგში (1864–74), ფილოს. პროფესორი ლაიფციგში (1875–1920), მრავალი უცხოური აკად. და სამეცნ. საზ-ბის წევრი. ვ-ის სახელთან არის და-კავშირებული ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბება და მსოფლიოში პირველი ექსპერ. ფსიქოლ. ლაბორატორიის დაარსება. 1874 გამოქვეყნებულ წიგნში “ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები” სისტემ. მოძღვრების სახით ჩამოაყალიბა თავისი ორიგინ. და ეპოქალური მნიშვნელობის მქონე შეხედულებები ფსიქოლ. მეცნიერების შესახებ. 1879 ვ-მა ლაიფციგში დააარსა ფსიქოლ. ლაბორატორია, რ-მაც ორ წელიწადში საუნივერსიტეტო ინ-ტის სტატუსიც შეიძინა. აქ ექსპერ. კვლევების პარალელურად იზრდებოდნენ პროფესიონალ ფსიქოლოგთა ახ. თაობები. ვ-მა ფსიქოლოგია ექსპერ. მეცნიერებად აქცია; ტრად., უსისტემო თვითდაკვირვება – ექსპერ. თვითდაკვირვებად, რაც ექსპერ. სტანდ. პირობებს აკმაყოფილებდა, თუმცა უარი არ უთქვამს ინტროსპექციის (თვითდაკვირვების) მეთოდზე. ვ. ფსიქოლოგიას ორ შტოდ, ორ მიმართულებად განიხილავდა –ექსპერ. ფსიქოლოგიად, რ-ის საგანი ელემენტარული ფსიქ. პროცესებია, და ფსიქოლოგიად, რ-იც იმ რთულ ფსიქ. მოვლენებს შეისწავლის, რ-ებიც ექსპერიმენტს არ ექვემდებარება და უნდა შეისწავლებოდეს “კაცობრიობის სულიერი ისტ. პროდუქტების – ენის, მითოლოგიის, ხელოვნების, რელიგიის და სხვ. ანალიზის საფუძველზე”. ამ ფსიქოლოგიას ვ-მა “ხალხთა ფსიქოლოგია” უწოდა და სიცოცხლის ბოლო ოცი წელი ამ შრომას (გამოცემულია 10 ტომად) მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ვ-ის ლექციებს “ხალხთა ფსიქოლოგიაში” ესწრებოდნენ გ. ჩუბინაშვილი და ს. კაკაბაძე. ვ-მა შექმნა უდიდესი სამეცნ.-საგანმან. სკოლა, რ-მაც ხელი შეუწყო პროფესიონალ ფსიქოლოგთა თაობების ჩამოყალიბებას. ლაიფციგის უნ-ტში სასწავლებლად ჩამოდიოდნენ ახალ-გაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან და სწორედ ვ-ის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ ფსიქოლოგიასა და მეცნ. კვლევის საფუძვლებს. ბევრი მათგანი შემდგომში მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი გახდა: ე. კრეპელინი, ე. მოიმანი, ო. კიულპე, დ. კრიუგერი (გერმ.), ვ. ბეხტერევი და ნ. ლანგე (რუს.), ჯ. კეტელი, ჯ. სტენლი ჰოლი, ე. ტიტჩენერი (აშშ), დ. უზნაძე და სხვ. ვ-ის სკოლაგამოვლილი ახალგაზრდა მეცნიერები მთელი მსოფლიოდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აყალიბებდნენ ექსპერ. ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებს, სადაც ამ ახ. მეცნ. განვითარება ხდებოდა. ლიტ.: იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2008; D o r s c h F., Wörterbuch der Psychologie, Lpz., 1981. დ. ფარჯანაძე.