ვ. ეკონომიკაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. ეკონომიკაში. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვ. ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვ-ის თვისებებმა – ერთ-გვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვ. მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში ვ., როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ძვ. რომში ვ-ის მონეტების მოჭრა დაიწყეს ძვ. წ. IV–III სს-ში, ხოლო რუსეთში – IX ს-ში. ადრინდ. შუა საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ. XVI ს-იდან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვ-ის მოპოვების გაფართოების გამო ვ. ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად გადაიქცა. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვ-ის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი (ფულადი სისტემა, რ-შიც ოქრო, ვ. და საყოველთაო ეკვივალენტის როლს ასრულებს). ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვ-ის გამოდევნა. XIX ს. უკანასკნელ მეოთხედში კაპიტალ. მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა ოქროს მონომეტალიზმი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვ-ის ვალუტის გამოდევნა XX ს. დასაწყისისათვის დამთავრდა. ვ-ის ვალუტა შემორჩა XX ს. 30-იან წლებამდე ჩინეთში, ირანსა და ავღანეთში. II მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვ-ის 75 %-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971-თვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა. 2013 მონაცემებით ვ-ის წლიური მოპოვების ლიდერია მექსიკა (4500 ). მერე და მესამე ადგილზეა პერუ და ჩინეთი (4000 ). საქართველოში, ვ., ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვ-ის გამოყენების მრავალმხრივობა დაკავშირებულია მის სასარგებლო თვისებებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვ-ის, როგორც ფულადი საქონლის, გამოყენება. ვ-ის მონეტების მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI ს-იდან დაიწყო. სხვადასხვა დროს მოჭრილ ოქროს, სპილენძისა და ბრინჯაოს მონეტებთან ერთად იყო ვ-ის მონეტებიც. მუზეუმებში, მ. შ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმსა და ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში, შემონახულია უძველესი კოლხური დიდრაქმა (ძვ. წ. VI ს.), ასევე ძვ. წ. V ს-ის კოლხური დრაქმა, რ-იც მაღალი ხარისხის ვ-ისგანაა დამზადებული. IX ს-ში თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა არაბული ტიპის ვ-ის მონეტები. VII ს-ში ქართლში მოჭრეს სასანური ტიპის ვ-ის მონეტა ქართ. წარწერით და ჯვრის გამოსახულებით; შემონახულია IX–X სს-ში თბილისში მოჭრილი არაბული ვ-ის დრაქმები, სპილენძის ფელსებთან ერთად. XIX ს-ის დასაწყისიდან (1804-იდან 1834-მდე) თბილისში რუსეთის ხელისუფლების მიერ სპილენძის მონეტებთან ერთად რუსულ ყაიდაზე იჭრებოდა ვ-ის მონეტები – ,,ქართული თეთრი”. საქართველოში, სხვა უცხ. ნივთებთან ერთად, სხვადასხვა დროს გავრცელებული იყო უცხ. ვ-ის ფული. მათგან ერთ-ერთი უძველესია რომაული ვ-ის განძი და მონეტები, ძვ. წ. I ს-ში მითრიდატე პონტოელის მიერ მოჭრილი მონეტა, VI–VII სს-ში ბიზანტ. და სასანური მონეტები. XVII ს-იდან საქართვ. ფულის მიმოქცევაში დიდი რაოდენობით იყო ირანული და სხვა ქვეყნის ვ-ისა და სხვა მონეტები. 1934-იდან ქართული მონეტების მოჭრა შეწყდა. 1993-იდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართვ. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო საკოლექციო და საინვესტიციო ეროვნ. მონეტების გამოშვება. ვ. გამოიყენება აგრეთვე ჰერალდიკაში. ლიტ.: აბრამიშვილი თ., XIII–XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959; დუნდუა თ., დუნდუა გ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 1, თბ., 2006; მაჩაბელი კ., ძველი საქართველოს ვერცხლი, თბ., 1983; პატარიძე მ., ჯანჯღავა გ., ტრაპიზონის იმპერიის იშვიათი მონეტები, თბ., 2006; ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVIII სს., თბ., 1971; ჩუბინაშვილი გ., არმაზის საგანძური, თბ., 2007; Грузинское чеканное искусство, Тб., 1959. გ. მალაშხია.