ზაალიშვილი იოსებ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალიშვილი იოსებ (სოსო) გიორგის ძე [2 (15). III. 1905, ქ. ახალციხე, – 31. I. 1987, თბილისი], არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1927–30) და საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტში (1930–32). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1955–87), პროფესორი (1974). 1932–70 მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო და სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. ძირითადი ნამუშევრები: კურორტ წყალტუბოს გენ. გეგმა (1953; ვ. კედიასთან ერთად), ოჩამჩირის დაგეგმარება და რეკონსტრუქცია (1974; სხვებთან ერთად), კურორტების ავადჰარას (1963), ლებარდეს (1967), საირმის (1974), დაგეგმარების პროექტები. ნაყოფიერად მუშაობდა ქალაქთმშენებლობითი ხასიათის იდეა პროექტების შექმნაზე [ზღვისპირა კურორტების დაგეგმარება ბიჭვინთის მაგალითზე (1960); დასასვენებელი კომპლექსი ღია ზღვაში (80-იანი წწ.); დასასვენებელი ხელოვნური კუნძულები “არქიპელაგი” (80-იანი წწ.) და სხვ.]. მონაწილეობდა და იმარჯვებდა რესპ. და საერთაშ. კონკურსებში [თბილისში შოთა რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია (1961; ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, I პრემია); ქ. ვარნის (ბულგარეთი) ცენტრის ქალაქმშენებლობითი იდეა (1966; ნ. მიქაძესთან ერთად, წამახალისებელი პრემია) და სხვ.]. განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: #8 სააბაზანო წყალტუბოში (1962; კონსტრუქტორები ნ. მესხი, დ. ქაჯაია), კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინ-ტი თბილისში (1963), სანატორიუმი “მთის ხეობა” ბორჯომში (1980) და სხვ. ლიტ.: დავითაია ვ., არქიტექტორის გზა, {საბჭოთა ხელოვნება}, 1968, #1; სოსო ზაალიშვილი. გამოფენის კატალოგი, თბ., 1980; 1986. ს. კინწურაშვილი.

სააბაზანო შენობა 1965 წყალტუბო.png