ზაალ არაგვის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალ არაგვის ერისთავი (გ. 13. V. 1660), ქართლის დიდი თავადი, ანტიირანული ბრძოლის ერთ-ერთი გამოჩენილი მეთაური. მისი ძმის დათუნას (იხ. დათუნა არაგვის ერისთავი) სიკვდილის შემდეგ – არაგვის ერისთავი (1633–60). როდესაც ქართლის მეფეები როსტომი და თეიმურაზ I სამეფო ტახტისათვის ებრძოდნენ ერთმანეთს, ზაალი თავდაპირველად თეიმურაზის მხარეზე იყო, დაუკავშირდა იესე ქსნის ერისთავს, ქართლის სხვა თავადებს და მათ იმერეთში გახიზნული თეიმურაზი მეფედ მოიწვიეს. როსტომმა მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ზაალი აქტიურად ჩაება ახალ შეთქმულებაში როსტომის წინააღმდეგ. როსტომმა შეთქმულები ამჯერადაც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა. 1648, თეიმურაზის კახეთიდან განდევნის შემდეგ, ზაალმა და სხვა დიდებულებმა როსტომს შერიგება სთხოვეს. მეფე დათანხმდა იმ პირობით, თუ ზაალი ირანის შაჰს ეახლებოდა; შაჰმა ზაალი დიდი პატივით მიიღო: 500 თუმანი, ხალათი, ოქროთი შეკაზმული ცხენი, 15 სოფელი (ყაზვინთან ახლოს) უბოძა და სამშობლოში დააბრუნა. ზაალმა ერწო-თიანეთიც დაისაკუთრა. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ ქართლის ტახტზე ავიდა ვახტანგ V. ზაალმა იგი მეფედ არ ცნო და შესაფერის დროს უცდიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. შაჰისთვის მეფისა და ზაალის გამწვავებული ურთიერთობა ხელსაყრელი არ იყო, რის გამოც ზაალი თავისთან დაიბარა. მან, თავის ამალასთან ერთად, მაჰმადიანობა მიიღო და დიდი პატივითა და საჩუქრებით სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშვიდობა მალე დაირღვა, რადგან ყიზილბაშებმა კვლავ დღის წესრიგში დააყენეს შაჰ აბას I-ის ძველი გეგმა – კახელების ამოწყვეტა და იქ თურქმანული ტომების ჩასახლება. ზაალმა აჯანყებულთა საერთო ხელმძღვანელობა ითავა (იხ. კახეთის აჯანყება 1660). ზ. ა. ე. ვახტანგ V-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ვახტანგმა მოახერხა ზაალის ძმისწულებისა და დისწულების გადაბირება, რ-ებმაც საკუთარი ბიძა სიცოცხლეს გამოასალმეს. მისი სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო სპარსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისათვის. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810), ტფ., 1922; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1972. გ. ნარსია.