ზაგემის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაგემის განძი.png


ზაგემის განძი, 1. XVII ს. დასაწყისის ირანული ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი 1969 თიხის ხელადაში ზაგემის ნაქალაქარზე, სოფ. ალიაბადიდან (ზაქათალის რ-ნი, აზერბაიჯანი) 7 კმ-ზე. შეიცავს 195 მონეტას (168 აბაზიანი, 22 ორშაურიანი, 5 შაურიანი), რ-ებიც მოჭრილია ირანის შაჰის აბას I-ის სახელით სხვადასხვა ზარაფხანაში (არდებილი, განჯა, დაურაყი, ერევანი, თავრიზი, თეირანი, ორდუ, რამჰორმზი, რეშთი, შუსთარი, ჰოვეიზა); ხოლო 2 მონეტა თბილისშია მოჭრილი, 7 კი – კახეთის ქ. ზაგემის ზარაფხანაში. განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1602, უგვიანესი – 1615. . . დაფლული უნდა იყოს 1616 აბას I-ის მიერ კახეთის აოხრების დროს, ქ. ზაგემის განადგურებისას. განძი დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. 2. 1982 ზაგემის ნაქალაქარის მიდამოებში აღმოჩნდა განძი, რ-იც შეიცავდა 1921 ცალ ვერცხლის მონეტას. მათი უმეტესობა მოჭრილია შემახაში, 1 მონეტა – სეფიანი შაჰის ისმაილ I სახელით ჰიჯრის 928 (1521–22). ზოგიერთ მონეტაზე იკითხება თარიღები. ერთ-ერთ მონეტაზე იკითხება შაჰ-თამაზ I-ის სახელი. განძი დაფლული უნდა იყოს XVI ს. შუა ხანებში. ლიტ.: ქუთელია თ., ზაგემში მოჭრილი მონეტები, {მაცნე}. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, #4; მისივე, Грузия и сефевидский Иран, Тб., 1979. თ. ქუთელია.