ზადენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზადენი, ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებული სახელწოდება მთისა, ციხესიმაგრისა და კერპისა (ღვთაებისა). -ის მთას მკვლევარნი აიგივებენ ბერძნ.-რომაულ წყაროებში მოხსენიებულ სევსამორასთან, თანამედროვე სოფ. წიწამურის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ადგილას (მდ. არაგვის მარცხენა სანაპიროზე). როგორც ჩანს, ქართლის მეოთხე მეფე ფარნაჯომმა სწორედ აქ “აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს”. “ციხე ზადენი”, არმაზციხესთან ერთად, უნდა ყოფილიყო “დიდი მცხეთის” ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი და საკულტო ცენტრი, ღვთაება ზადენის ადგილსამყოფელი. მეფე ფარნაჯომის მიერ შექმნილი ეს კერპი ქართლის ერთ-ერთ მთავარ ღვთაებად ითვლებოდა (არმაზის შემდეგ). ამ სამეფო ღვთაების შემოღების მიზეზი, ისევე როგორც სიტყვა -ის ეტიმოლოგია, დაუდგენელია. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწ. . დასაკავშირებელია სამხრეთ მცირეაზიურ (ხეთურ-ლუვიურ) ღვთაება “სანდონის”, “სანთას” სახელწოდებასთან. ძვ. ქართ. საისტორიო ტექსტებში შემონახულია აგრეთვე -ისაგან ნაწარმოები ტოპონიმები: ზადენ-გორა (სოფელი “საზღუართა სამცხისათა”), ზედაზენი (ციხესიმაგრე ქართლ-კახეთის საზღვარზე). სავარაუდოა, რომ ტოპონიმი “ზედაზენი” მიღებულია “ზედა ზადენისაგან”. . სოფლის სახელად გვხვდება სამხრ. საქართველოშიც (მესხეთში). ლიტ.: აფაქიძე ა., ანტიკური წყაროების სევსამორა-წიწამური, {ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები}, 1958, ტ. 4, ნაკვ. 1; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959. გ. გიორგაძე.