ზავილეისკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზავილეისკი პეტრე დამიანის ძე (დ. წ. უცნობია, – 1843, სანქტ-პეტერბურგი), რუსი მოხელე. წარმოშობით პოლონელი. 1828 დაინიშნა საქართველოს სახაზინო ექსპედიციის უფროსად. მას ევალებოდა თვალყურის დევნება ამიერკავკ. მხარის კამერალური აღწერისათვის. 1829 თებერვალში დაინიშნა საქართვ. სამოქალაქო გუბერნატორად. რუსეთ-ოსმალეთის (1828–29) ომის დროს რუს. მთავრობამ სამხრ. საქართველოს შემოერთებულ მიწებზე სომეხი მოსახლეობის დასახლების მიზნით შექმნა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რ-ის თავ-რედ . დაინიშნა. ამ პერიოდში მან სამცხე-ჯავახეთიდან ოსმალეთში განდევნილი ქართვ. მაჰმადიანებისაგან ჩალის ფასად შეიძინა 25 სოფელი. 1831-იდან იყო ახლად დაარსებული ამიერკავკ. სავაჭრო კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და მისი მთავარი ზედამხედველი. მეგობრობდა ა. გრიბოედოვთან. მასთან ერთად აპირებდა ამიერკავკასიაში რუს. კომპანიებისა და საწარმოების შექმნას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოქროპირ ბატონიშვილთან, ა. ჭავჭავაძესთან და სხვ. მას ბრალად ედებოდა კავშირი 1832 შეთქმულების მონაწილეებთან. ამის საბაბად ასახელებდნენ მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მკაცრ მოპყრობას, რათა უკმაყოფილო ხალხი შემდგომში აჯანყებულიყო. ამასთანავე იგი თითქოსდა აღნიშნავდა, რომ ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით საქართველოში მეტი თავისუფლება ყოფილა, ვიდრე რუს. მმართველობის დროს. მეფის მთავრობამ მისი, როგორც ყოფილი გუბერნატორის, საჯარო გასამართლება საქართველოში მიზანშეუწონლად ჩათვალა, ბრალდების დაუმტკიცებლობის საბაბით არ დაკითხა, მაგრამ საიდუმლო მეთვალყურეობა დაუნიშნა. 1832 იანვარში გუბერნატორობიდან გადააყენეს, იმავე წლის 6 მარტს პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც იგი ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრი გახდა. ლიტ.: ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980; გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ.1–3, თბ., 1935–76. გ. ნარსია.