ზაკვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაკვი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, ბარალეთისწყლის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ბალხო, ბუღაშენი, გომანი, თირკნა, ოლავერდი). ზ. დ. 1700 , ახალქალაქიდან 13 კმ. 785 მცხ. (2002). ზ-ში არის ვულკ. წიდის საბადო. ზ. მდებარეობს ისტ. ზემო ჯავახეთში. 1595 დაიპყრეს ოსმალებმა. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით (XVI ს.) შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის ნაჰიეში. მაშინ იქ ქართველების 7 კომლი ცხოვრობდა, რ-ებიც მისდევდნენ მემინდვრეობას (ხორბალი, ქერი, ჭვავი), მესაქონლეობას (ცხვარი, ღორი), მებოსტნეობას, მეფუტკრეობას, მოჰყავდათ სელის თესლი (საზეთედ) და იხდიდნენ გადასახადს – 10000 ახჩას. 1705–06 ზ. წარმოადგენდა ვინმე მეჰმედიის ზეამეთს (საკარგავს), საიდანაც მას 21630 ახჩა შემოსავალი ჰქონდა. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ზ. ჯავახეთთან ერთად რუს. იმპერიაში შევიდა. ამის შემდეგ რუს. მთავრობამ ერზერუმიდან გადმოასახლა სომხები. სოფელში ძვ. ქართ. ნაეკლესიარის ადგილზე ახ. მოზრდილი სომხ. ეკლესია აშენდა. ეზოში დგას ქვაჯვარის ბაზისი. აქედანვეა წაღებული მეორე ბაზისი და ჯვრიანი ქვები, რ-ებიც სოფლის ჩრდ.-დას-ით მდებარე ნასოფლარზე გადაუტანიათ. სოფლის სამხრ-ით, მდინარის მარცხნივ, კლდეში, გამოქვაბულია, რ-საც ადრე სამალავად იყენებდნენ. წყარო და ლიტ.: ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941, წგ. 3, თბ., 1958. დ. ბერძენიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზაკვი&oldid=9881-დან“