ზალდასტანიშვილი სოლომონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ზალდასტანიშვილი.png

ზალდასტანიშვილი სოლომონ ნიკოლოზის ძე (4. XII. 1891, სამტრედია, – 5. XII. 1941, ბუქარესტი), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. დემოკრ. რესპ. არმიის პოლკოვნიკი, 1917-იდან – საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1909 დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია, 1913 – პეტერბურგის წმ. ვლადიმირის სამხ. სასწავლებელი და დაინიშნა თურქესტანში განლაგებული ერთ-ერთი პოლკის ასეულის მეთაურად. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე (1914) პოლკი გაიგზავნა კავკ. ფრონტზე. 1915 პორუჩიკის წოდებით დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. ბრძოლებში ორჯერ დაიჭრა. 1917 მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხ. წოდება, დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. პეტერბურგის სამხ. აკადემიაში გაგზავნეს, მაგრამ რევოლუციამ მოუსწრო და საქართვ. დაბრუნდა. საქართვ. დემოკრ. რესპ. გამოცხადებისთანავე (1918) დაინიშნა ეროვნ. არმიის საავტ.-მოტორიზებული გუნდის (პოლკი) მეთაურად და მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 თებ. – მარტი) შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1922 ეროვნ.-დემოკრატთა ჯგუფის დავალებით კ. აფხაზთან კავშირის დასამყარებლად ბათუმში დაბრუნდა, სადაც “ჩეკამ” დააპატიმრა, მაგრამ ყოფ. ჯარისკაცების დახმარებით მოახერხა თავის დახსნა. 1922–24 იყო საქართველოს ანტიბოლშევიკური ინტერპარტ. პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხ. ცენტრის წევრი. მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებასა (1922) და საერთო-სახალხო ეროვნ. აჯანყებაში (1924, აგვ.). მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქ. ჩოლოყაშვილთან და მის “შეფიცულთა რაზმთან”. 1924 აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ იყო პოლიტ. ემიგრანტი. 1925–40 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. მისი თაოსნობით საფრანგეთში შეიქმნა პატრ. ორგანიზაცია “შევარდენი”. 1941 ზ-ის ინიციატივით გერმანიაში შეიქმნა მოხალისეთა სამხ. შენაერთი “თამარ II” (იხ. “თამარა”), რ-ის მიზანი იყო საბჭ. იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლება. შენაერთი ირიცხებოდა “ვერმახტის” ქართ. ლეგიონის შემადგენლობაში. შენაერთის მეთაურად ზ. იქნა დანიშნული. 1941 დამლევს იგი ჩავიდა რუმინეთში საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართვ. სამხ. ტყვეების დასახსნელად. ზ-მა მოითხოვა 500-ივე ქართველის გათავისუფლება. გერმანელებისგან თანხმობა მხოლოდ 90-ზე მიიღო. გერმანელთა უარის გამო დანარჩენი პატიმრებისათვის შემწეობის გასაწევად ზ. დარჩა ტყვეთა ბანაკში, სადაც დასნეულდა. გარდაიცვალა ბუქარესტის სამხ. ჰოსპიტალში. 1956 მიუნხენში გამოიცა ზ-ის მოგონებები 1924 წ. აჯანყებაზე, რ-იც მნიშვნელოვანი წყაროა საქართვ. 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ისტ. შესასწავლად. თბილისში, წმ. მიქაელ ტვერელის ეკლესიის ეზოში, გაკეთებულია ზ-ის სიმბოლური საფლავი, ერთ-ერთ ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა. თხზ.: საქართველოს 1924 წლის ამბოხება, მიუნხენი, 1956; თბ., 1994. ლ. ურუშაძე.