ზანავი, სოფელი ბორჯომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანავი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყვიბისის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის ხეობაში, მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 840 , ბორჯომიდან 9 კმ. 280 მცხ. (2002). ზ. მდებარეობს ისტ. ხეობაში, რ-იც თორის მხარეში მტკვრის ხეობის სოფლებს აერთიანებდა. ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ზ. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 პეტრეს ლივის ქაშუეთის ნაჰიეში შედიოდა და 9500 ახჩა გადასახადს იხდიდა. 1639, ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ, თორი და ხეობა ქართლს შეუერთდა, მაგრამ XIX ს-მდე თითქმის დაცლილი იყო. ამჟამად იქ ქართლიდან და იმერეთიდან მოსული 100-ზე მეტი კომლი ცხოვრობს. მათი გვარებია: რაზმაძე, კიკაძე, თაბაგარი, გელაშვილი, გრიგალაშვილი, კაპანაძე, ლომიძე, ხარატიშვილი, ღარიბაშვილი, ცუცქირიძე, გოგალაძე და სხვ. ზ-ის ეკლესიებიდან აღსანიშნავია წმ. გიორგის მოზრდილი, დარბაზული ეკლესია, რ-იც მრავალჯერ არის გადაკეთებული და ძვ. სახურავი აღარ შერჩენია. სამხრ. და დას. კედლებში შესასვლელებია. სამხრ. შესასვლელს ზემოდან ოთხკუთხა ლოდი ადევს, რ-ის რელიეფურ ჩარჩოში რელიეფურივე, მოგრძო ჯვარია გამოსახული. ეკლესიაში ერთსაფეხურიან პილასტრებს პროფილიანი კაპიტელები აქვს, პროფილიანია ლავგარდნებიც. საკურთხევლის მარცხ. მხარეს მაღალი ნიშაა. ეკლესიის ირგვლივ ძვ. სასაფლაოა. მეორე ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, მისგან მხოლოდ აღმ. კედელია გადარჩენილი, რ-ის შიდა და გარე წყობა გათლილი ქვისა ყოფილა. სოფლის დას-ით, რველისა და ზ-ის გამყოფ ქედზე არის ასევე სალოცავი – ელიობა, რ-ის ნანგრევებში გამოირჩევა სამხრ. შესასვლელი, საკურთხევლის ორი კვადრ. თახჩა და საშ. ზომის გათლილი ქვების ჰორიზ. წყობა. ზ-ის სამივე სალოცავი განვითარებული ფეოდალიზმის ხანისაა. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.