ზანქელ ზორაბაბელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანქელ ზორაბაბელი (“ქართლის ცხოვრების” ვახტანგისეული რედაქციის ნუსხებით: ზანქან), თბილისელი ებრაელი დიდვაჭარი XII ს. II ნახევარში. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით გაიგზავნა ჩრდ. კავკასიაში თამარის საქმროს ჩამოსაყვანად. მან სწრაფად შეასრულა დავალება და საქართველოში ჩამოიყვანა ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური (გიორგი), რ-იც, საკუთარი სამფლობელოდან გაძევებული, ყივჩაყთა ქალაქ სევინჯში (სუნჯაში) იყო თავშეფარებული. თამარის მეორე ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის აზრით, ეს გადაწყვეტილებაც ნაჩქარევი იყო და ზ.ზ-ც არ შეესაბამებოდა ასეთი მნიშვნელოვანი დავალების შემსრულებლის დონეს. წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, იქვე. ლიტ.: მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი. – მეფე თამარი, თბ., 2002. რ. კიკნაძე.