ზარზმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარზმა, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1300 , ადიგენიდან 8 კმ. 394 მცხ. (2002). ზ. მდებარეობდა ისტ. სამცხის ქვაბლიანის თემში. პირველად იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულება “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”, რ-ის მიხედვითაც მინიშნებამ და სასწაულებმა აიძულეს ბერები მონასტრის ასაშენებლად შეერჩიათ ერთი უდაბური, ტყიანი ადგილი. აქ აურჩევიათ შესაფერისი ბორცვი ეკლესიისათვის და მის აღმ-ით – მშვენიერი წყარო. “ცხოვრების” ავტორის სიტყვით, მომხდარი სასწაულების შემსწრე ხალხს შიშის ზარი დაუფლებია, რის გამოც ამ ადგილისთვის ზარზმა დაურქმევიათ. მონასტრის დაარსების შემდეგ (იხ. ზარზმის მონასტერი) თანდათან მოშენებულა სოფელიც, რ-ის სიახლოვეს აუგიათ ციხე-კოშკი. სოფელში ახლაც მოჩქეფს ზარზმელის “ცხორებაში” მოხსენიებული წყარო, რ-საც შუა საუკუნეებში ამოუშენეს კედლები, გადახურეს და შეამკეს რელიეფური გამოსახულებებით. მზეჭაბუკ ათაბაგმა 1500–15 ზარზმის მონასტერი, მისი კუთვნილი სოფლებითა და აგარაკებით, აწყურის ტაძარს შესწირა. “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 ზ. შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში. მაშინ იქ სოფელი უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეკლესიის მსახური ათი კომლია აღწერილი (მათი გვარებია: აზარ მოსიასძე, მღვდელი საბია გუბელისძე, ივანე კაპანასძე, ტეტია მახარებლისძე, მღვდელი სიმონ ფირალასძე, სიმონ პაპასძე, ისაკა გიორგისძე და სხვ.). მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ცერცვი, ფეტვი, მუხუდო, სელის თესლი (ზეთისთვის) და ბოსტნეული; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8000 ახჩის ოდენობით. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ზ. სამცხესთან ერთად რუს. იმპერიაში შევიდა. 1944 ამ სოფლის მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს. ახლა ზ-ში რაჭველები და აჭარლები ცხოვრობენ. წყარო და ლიტ.: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 6, თბ., 1977; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის გამოც., წგ.1, თბ., 1963; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58. დ. ბერძენიშვილი.