ზარზმის მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარზმის მონასტერი.png


ზარზმის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ძველი ქართული საეკლესიო და მწიგნობრულ-საგანმანათლებლო კერა სამცხეში. მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარზმაში. შემონახულია რამდენიმე ძვ. ნაგებობა: გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო, ერთნავიანი სამლოცველოები (ზოგი დანგრეულია). სხვა სამონასტრო შენობები არ შემონახულა. მონასტერი დაუარსებია ადრინდ. ფეოდ. ხანის სას. მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს IX ს-ში (მისი ცხოვრების დროის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს – VIII ს., IX ს.). სერაპიონისა და მისი მომდევნო წინამძღვრების სამშ. მოღვაწეობის ამბავი კარგადაა ცნობილი ბასილი ზარზმელის (X ს.) ჰაგიოგრაფიული თხზულების “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების” წყალობით. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილ. მთავარს გიორგი ჩორჩანელს; მას ახ. მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. იგი, როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა, ამიტომ მალევე მეორე ეკლესიაც აუშენებიათ, მაგრამ ზარზმის ამ უძველეს ნაგებობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამჟამად ზარზმაში ყველაზე ძვ. ისტ. ძეგლია სამრეკლოს გვერდით მდებარე სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, ადრინდ. შენობიდან გადმოტანილი, X ს. ბოლო ათეული წლების წარწერა, რ-შიც მოთხრობილია დავით III კურაპალატის გალაშქრების ამბავი ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. ზარზმის ახლანდ. ტაძარი (რ-მაც, სავარაუდოდ, ადრინდ. ნაგებობათა ადგილი დაიჭირა) და სამრეკლო აგებულია XIV ს. პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რ-შიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ახ. თავისებურება (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში). იგი ნაგებია თლილი ქვით, სახურავიც მთლიანად ქვისაა. ტაძარს სამხრეთის მთელი ფასადის გაყოლებით ამშვენებს ეკლესიის შესასვლელის წინ სამი თაღით გახსნილი კარიბჭე, რ-ის მსგავსი ზარზმის თანამედროვე არც ერთ სხვა დიდ ეკლესიას არა აქვს. განსხვავებულია ჩუქურთმის სახეები და მორთულობის ცალკეული ნაწილებიც. აღმ. ფასადზე ცენტრ. ადგილი უჭირავს მთავარი სარკმლის თავზე მოთავსებულ უზარმაზარ მოჩუქურთმებულ ჯვარს, რ-ის მკლავებიც ფასადის თითქმის მთელ სიგანეს სწვდება. გუმბათის ყელზე, ისევე როგორც საფარის წმ. საბას ტაძარში, თითო სარკმლის გამოტოვებით ცრუ სარკმელია დატანებული. ასეთი რამ, გარდა საფარისა და ზარზმის ტაძრებისა, არც ერთი ეპოქის სხვა ძეგლებში არ გვხვდება. ზარზმის კედლებზე ჩუქურთმის მრავალგვარი სახეა ამოკვეთილი, შთაბეჭდილებას აძლიერებს კედლის წყობაში სხვადასხვა ფერის ქვების გამოყენება. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რ-შიც ტრად. სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ისა და ყვარყვარეს), აგრეთვე XVI ს. ისტ. პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძისა და სხვ.) პორტრეტები. ზ. მ-ის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია საქართველოში და ამ ტიპის ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშად ითვლება. სამრეკლოს უმთავრესი სამკაულია I სართულის ვარსკვლავისებრი კამარა, რ-იც საზეიმო იერს ანიჭებდა ამ სადგომს. საკუთრივ სამრეკლო II სართულზე იყო, იგი წარმოადგენდა თაღებით გახსნილ ფანჩატურს, რ-ის სფერული გუმბათის ქვის წყობას პროფესიონალი ოსტატის ხელი ეტყობა. XVIII–XIX სს. მიტოვებული, მაჰმადიანი მოსახლეობით გარშემორტყმული ტაძარი თანდათან ზიანდებოდა. ზარზმის მთელი ქონება – ხატები, ჯვრები, სხვა საეკლ. ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი უმთავრესი საწმინდე – ზარზმის ფერისცვალების ხატი გურიაში გახიზნეს და დაასვენეს სოფ. შემოქმედში საგანგებოდ აშენებულ ახ. ეკლესიაში, რ-საც აგრეთვე ზარზმა ეწოდა (ამჟამად ზარზმის მთელი გადარჩენილი განძი თბილისში, საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმშია დაცული). XX ს. დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტური თავისებურებაც შეილახა. ზარზმის სავანეში, ბასილი ზარზმელის გარდა, მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ. ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962. ვ. ბერიძე. ლ. მენაბდე.