ზარზმის წარწერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარზმის წარწერა.png

ზარზმის წარწერა ივანე სულასძისა (დაახლ. 979), ზარზმის მონასტრის (ისტ. სამცხე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი) სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმული, ქვის ფილაზე ამოკვეთილი ქართ. ასომთავრული წარწერა. დიდი ზომის (211 სმX100 სმ) ქვის ფილის ცენტრში გამოყვანილი იყო “აყვავებული ჯვრის” რელიეფური გამოსახულება. წარწერა ამოკვეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს ათ-ათ სტრიქონად. მოგვიანებით ფილა ხელმეორედ გამოუყენებიათ საშენ მასალად და მისი მარჯვენა მხარე ჩამოუჭრიათ. ამ ნაწილის ფრაგმენტი, წარწერის ნაწყვეტით, თავდაღმაა ჩასმული მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს.) სამხრ. კედელში. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე სრულადაა შერჩენილი წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრიქონი) და მარჯვენა ნაწილის სტრიქონთა დასაწყისი 4–7 ასოს ზომაზე. ადგილზე დარჩენილი და დიდი ტაძრის სამხრ. კედელში ჩასმული ფრაგმენტები ტექსტის გადაშლისა და ნაკლულობის გამო ერთმანეთს არ ებმის. ამიტომ ტექსტის აღდგენა წარწერის მარჯვენა ნაწილში ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ჩვენამდე მოაღწია წარწერის მხოლოდ მარცხენა ნაწილმა, რ-იც ასე იკითხება: “† სახელითა ღმრთისაQთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულაQსმან, აღვაშენე წმიდაQ ეგუტერი მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი. დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა. სკლიაროსი გავაქციეთ. მას ქუეყანასა, რომელსა ჰრქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰრქუიან სარვენისნი, მუნ ესვენა ტახტი...”. ამგვარად, წარწერა ეკუთვნის ბიზანტ. საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან დავით I კურაპალატის მიერ 975 წ. საომრად გაგზავნილი ლაშქრის მონაწილეს – ივანე სულას ძეს. საისტორიო წყაროების მონაცემებით (“სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი) იგი ჩორჩანელთა ადგილობრივი საგვარეულოს წარმომადგენელია. ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ ზ. წ-ში ნახსენები ივანე სულას ძე და ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი მხედრობის სარდალი – თორნიკე ერისთავი ერთი და იგივე პირი უნდა ყოფილიყო. მეცნიერის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, სულა კი თორნიკეს მამის – ჩორდვანელის მეორე სახელია. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმავე დროის ერთ-ერთ აღაპში დასახელებული სულა (ფარსმანისა და ჩორჩანელის მამა) სხვადასხვა პირია. ორივე სულას სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ ნ. ბერძენიშვილი და ე. მეტრეველი. წარწერა, მასში წარმოდგენილი ისტ. რეალიებითა და პალეოგრაფიული ნიშნებით, დაახლოებით 979 თარიღდება. იგი დოკუმენტურად ადასტურებს ქართველთა ლაშქრის მონაწილეობას ბიზანტ. სამეფო კარის გადარჩენის საქმეში X ს. 70-იანი წლების ბოლოს. წყარო: ქართული წარწერების კორპუსი, [ტ.] 1 – აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V–X სს.), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892. ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII–XVI სს., თბ., 1955; მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998. ვ. სილოგავა.