ზაქათალის ოკრუგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქათალის ოკრუგი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1860. მოიცავდა ფეოდალური ხანის საქართველოს ძვ. ისტორიული პროვინციის ჰერეთის ჩრდ.-აღმ. მხარეს. საინგილოს მნიშვნელოვან ნაწილს, რ-იც დღეს აზერბაიჯანის ფარგლებში შედის (დღევანდელი ბელაქნის, ზაქათალის და კახის რ-ნების ტერიტორია). . ო-ის ტერიტ. XI ს. 20-იანი წლებიდან, ჰერეთ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, რანთა და კახთა სამეფოს საზღვრებში მოექცა. XVI–XVII სს-ში ოსმალეთისა და ირანის აგრესიამ, განსაკუთრებით კი დაღესტნელ ფეოდალთა სისტემატურმა თავდასხმებმა ამ მხარის პოლიტ. დაცემა გამოიწვია. XVIII ს. I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი და წახურელი ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. 1803 აღნიშნული მხარე რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახდა; 1830 ცარიზმმა საბოლოოდ დაიპყრო თავისუფალი თემების სამფლობელო და გააუქმა მათი პოლიტ. დამოუკიდებლობა. ამავე წელს, მთავარმართებელ ი. პასკევიჩის დროს, საფუძველი ჩაეყარა თვით მომავალ ქ. ზაქათალას, რ-იც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. ფერდობის ძირას, მდ. თალაჩაის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. თავდაპირველად აქ მარტო ციხე იყო, სადაც რუსთა ჯარი იდგა. 1830–40 ეს მხარე ჭარ-ბელაქნის ოლქის სახელწოდებით იხსენიება, 1840-იდან კი იგი ბელაქნის მაზრად გადაკეთდა, რ-იც ადმინისტრაციულად საქართვ.-იმერეთის გუბერნიას დაექვემდებარა. 1842 იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, 1844–60 ადმინისტრაციულად ქმნიდა ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქს, 1860–1917 კი –ზ. ო-ს, რ-იც იყოფოდა ალიაბადის, ბელაქნის, ჭარ-მუხახის და კაკის უბნებად, ადმინისტრაციულად კი თბილ. გუბ. ექვემდებარებოდა. 1918–21 აღდგა ისტ. სამართლიანობა და ეს ძირძველი ქართ. მიწა-წყალი დაუბრუნდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. 1921 თებერვალ-მარტში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ზ. ო-ის ტერიტ. (დაახლ. 4000 კმ2) კვლავ მოსწყდა საქართველოს და აზერბაიჯანის ფარგლებში მოექცა. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982. თ. პაპუაშვილი.