ზაქარაია პარმენ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პ ზაქარია.png

ზაქარაია პარმენ ფარნაოზის ძე (24. VIII. 1914, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 20. IV. 2003, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართველოს მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1973). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1940). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში, საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში, სპი-ში. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში ჩამოაყალიბა (1956) და ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტ. განყ-ბას. 1975–97 იყო თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის გამგე. ზ-ს მეცნ. კვლევის არე საკმაოდ ფართოა – ანტ. ხანიდან ხელოვნების დღევანდელ პრობლემებამდე, ძირითადად იკვლევდა შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრებას. მასვე ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობების არქიტექტურაში. ზ. მუშაობდა არქეოლ. კვლევის დარგში, განსაკუთრებით დიდი დასახლებების, ნაქალაქარების გათხრებზე. მისი აქტ. მონაწილეობით და ხელმძღვანელობით გაითხარა დიდი არქეოლ. ობიექტები (ურბნისი, გრემი, ნოქალაქევი–არქეოპოლისი და სხვ.), აგრეთვე გვიანდელი ანტ. ხანის დას. საქართველოს ერთ-ერთი ნაქალაქარი ზიღანეოსი–გუდაყვა–გუდავა (გალის მუნიციპალიტეტი), ციხესიმაგრე ჭაქვინჯა (IV–XVIII სს.), გაითხარა და აღდგა გიორგი სააკაძის რეზიდენცია ნოსტეში და სხვ. თხზ.: ბოლნისები და წუღრუღაშენი, თბ., 1953; ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, თბ., 1965; საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975; ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, ტ. 1–2, თბ., 1975–78; ტ. 3, თბ., 1981; ციხე-გოჯი–ნოქალაქევი, თბ., 1984 (თანაავტ. ნ. ლომოური); საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; ქართული ხუროთმოძღვრება (XI–XVIII სს.), თბ., 1990; ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000 (თანაავტ. გ. აბრამიშვილი); Древние крепости Грузии, Тб., 1969; Зодчество Тао-Кларджети, Тб., 1991. ს. კინწურაშვილი.