ზაქარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია, ზაქარია ქართველი, V–VI სს. ქართველი სასულიერო მოღვაწე პალესტინაში. პეტრე იბერის “ასურულ ცხოვრებაში” ზ. პეტრესთან დაახლოებულ მოწაფეთა შორის იხსენიება, რ-თაც გარდაცვალების წინ პეტრე იბერმა თავისსავე დაარსებული მონასტრის გამგებლობა, მონასტრის ძმობაზე მზრუნველობა დაავალა და სთხოვა, “უცვლელად დაეცვათ სიკვდილამდე მართლმადიდებლობა” (იგულისხმება მონოფიზიტობა). პეტრე იბერის “ქართულ ცხოვრებაში”, რ-იც პეტრეს “ასურული ცხოვრებიდანაა” გადმოკეთებული, ზ. “ზაქარია ქართველად” იწოდება. მთარგმნელის ანდერძში ნათქვამია, რომ იგი პეტრეს “მიცვალებამდე” მისი მოწაფე და მხლებელი იყო. ზ. მასთან დაახლ. 482-იდან მოღვაწეობდა, თან ახლდა ცხელ წყლებზე სამკურნალოდ მყოფ პეტრეს გამგზავრებიდან სიკვდილამდე – “ამისთUსცა” აღწერა “ცხორებაQ მისი და სასწაულნი, თუალითა… ხილულნი და ყურითა სმენილნი”. “ასურული ცხოვრების” ქართ. ენაზე გადმომკეთებლის მაკარი მღვდლის სიტყვით, პეტრე იბერის “ცხოვრება” “კურთხეულმა და სანატრელმა” ზ-მ “ასურებრითა ენითა აღწერა”, “ვინაQთგან ფრიადა მეცნიერ ყოფილა მისთა ენისა”. “ასურული ცხოვრების” ავტორად მეცნიერთა ნაწილი იოანე რუფუსს, ნაწილი კი VI ს. სირიელ ისტორიკოსს ზაქარია რიტორს მიიჩნევდა, მაგრამ პეტრე იბერის “ქართულ ცხოვრებაზე” დართული ანდერძის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე პეტრეს “ასურული ცხოვრების” ცნობით, ამ ნაწარმოების ავტორად ზ. იქნა მიჩნეული (ი. ლოლაშვილი). წყარო: ცხორებაQ და მოქალაქობაQ... პეტრე ქართველისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2 (XI–XV სს.), თბ., 1967; ცხოვრება პეტრე იბერისა. ასურული რედაქციის ქართული თარგმანი, გამოსცა ი. ლოლაშვილმა, თბ., 1988. ვ. გოილაძე.