ზაქარიაძე თენგიზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარიაძე თენგიზ ვლადიმერის ძე (31. III. 1928, თბილისი, – 15. IV. 2011, იქვე), თერაპევტი. საქართვ. მედიცინის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1994). მედ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984). 1951 დაამთავრა თსსი. 1955–57 მუშაობდა თბილ. ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ მუშაკად; 1957–74 – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ტუბერკულოზის, პულმონოლოგიის და თერაპიის კათედრებზე დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. 1974–2000 იყო თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის გამგე, ასევე თერაპიის ფაკულტეტის დეკანი, 2000–06 – სასწ. ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი. 1981–2003 იყო სამინისტროს მთ. პულმონოლოგი, საქართვ. სამედ. აკადემიის “პულმონოლოგთა და თორაკო-ქირურგიის” სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნ. საბჭოს წევრი; თერაპიის, პულმონოლოგიის საბჭოების წევრი სამედ. უნ-ტში; უწყვეტი სამედ. განათლების პროგრამების ავტორი შინაგან სნეულებებში. ზ-მ შეისწავლა კლინ. იმუნოლოგიის და პულმონოლოგიის აქტუალური საკითხები. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 3 სახელმძღვანელოს და 2 მონოგრაფიის ავტორი. თხზ.: ფილტვების და ბრონქების მწვავე დაავადებები (ექიმებისა და სტუდენტებისათვის, თბ., 1980; კლინიკური პულმონოლოგია, თბ., 1998, 2002.