ზაქარიაძე სერგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ზაქარიაძე.png ს ზაქარიაძე ფიროსმანი.png

ზაქარიაძე სერგო ალექსანდრეს ძე [18. VI (1. VII). 1909, ბაქო, –13. IV. 1971, თბილისი], მსახიობი. საქართვ. (1951) და სსრკ სახ. არტისტი (1958). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1971, გარდაცვალების შემდეგ) ლაურეატი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. 1926 მუშაობა დაიწყო თბილ. რუსთაველის სახ. თეატრში, 1928-იდან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი) მსახიობი, 1956 გადავიდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. ზ-ის შემოქმედება გამოირჩეოდა ღრმა ინტელექტუალობით, გაბედულებით, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადით და ემოციურობით, გმირის ხასიათის გახსნის სიზუსტით და სულიერი სითბოთი. იგი სცენური ხასიათების დამუშავების დიდოსტატი იყო და ფაქიზი ფსიქოლ. ნიუანსებით ძერწავდა სახეებს. ზ-ის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფის სიმტკიცე ეხამებოდა ლირიზმს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომედიურ როლებს. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენტი (შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”, 1938), კაპიტანი რატიანი (ლ. გოთუას “უძლეველნი”, 1945), გიგაური (ი. მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”; სტალინური პრემია, 1952), გიორგი (რ. თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი”, 1954); რომანტ. ელფერით გამოირჩეოდა ზ-ის მიერ შესრულებული როლები: ბაგრატიონი (ა. სამსონიას “ბაგრატიონი”, 1944), ბახა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”, 1945), მეფე დავითი (ლ. გოთუას “დავით აღმაშენებელი”, 1946), ბესიკ გაბაშვილი (ლ. გოთუას “მეფე ერეკლე”, 1942). ზ. დიდი ოსტატობით განასახიერებდა უარყოფით პერსონაჟებს,

ზაქარიაძე ჯარისკაცის მამა.png

დაუნდობლად ამხელდა ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა თინიბეგი მ. მრევლიშვილის “ზვავში” (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, 1952). შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტ. მგზნებარება ახასიათებდა ზ-ის მიერ შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს: ქადაგი (“ბახტრიონი” ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი, დევი (გ. ნახუცრიშვილის “ფიროსმანი”, 1961; “ჭინჭრაქა”, 1964). ნატიფი ფსიქოლ. ნიუანსებით გამოსახა ზ-მ ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, 1956), სატირული სიმძაფრით იყო აღბეჭდილი მისი შუისკი (ა. პუშკინის “ბორის გოდუნოვი”, 1957). 1934-იდან პარალელურად მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი (“უკანასკნელი ჯვაროსნები”, 1934), შადიმან ბარათაშვილი (“გიორგი სააკაძე”, 1942–43; სტალინური პრემია, 1946), ფოსტალიონი გიორგი (“დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960), ხოლო 1965 გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით (“ჯარისკაცის მამა”, 1965; ლენინური პრემია, 1966) ზ-მ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართ. კინოს. მისი ბოლო კინოსახე იყო ლევან ცინცაძე, ფილმში “არ იდარდო” (1969). ლიტ.: გუგუშვილი ე., თეატრალური პორტრეტები, თბ., 1966; Твалчрелидзе Т., Церетели К., Серго Закариадзе, კრ.: Актеры советского кино, в. 3, М., 1967. ნ. გურაბანიძე. ზაქარიაძე ჭინჭრაქა.png