ზაქარია ქანაქერცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია ქანაქერცი, ჰოვჰანავანქეცი, სარკავაგი (დიაკონი) (1627, სოფ. ქანაქერი, ერევნის მახლობლად, – 1699), სომეხი ისტორიკოსი. 13 წლისა მიაბარეს ჰოვჰანავანქში – იოანეს მონასტერში, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. თავისი ქართ. წარმომავლობის შესახებ ლეგენდარულ ცნობას გვაწვდის საისტორიო თხზულებაში, რ-იც “ქრონიკის” სახელითაა ცნობილი. ამ გადმოცემის თანახმად, ჰოვჰანავანქის მონასტერში, თურმე, ესვენა წმ. გიორგის ნეშტი, რ-ის შემწეობითაც მრავალი სნეული იკურნებოდა. როცა შირაკის ქვეყანა (ე. ი. ცენტრ. სომხეთი) ქართვ. მეფეების ხელში იყო, მეფის შვილის განსაკურნად წმ. ნეშტის საქართველოში გადასვენება გადაწყვიტეს, რისთვისაც მეფე იძულებული გახდა სომხეთში მძევლებად გაეგზავნა ყმაწვილები ქართვ. დიდებულთა ოჯახებიდან. შემდეგში ამ მძევალთა ერთი ნაწილი სომხეთში დარჩენილა. მათგან ერთ-ერთის შთამომავალი, ზ. ქ-ის თქმით, მისი მამა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ქ. დარწმუნებული იყო თავის ქართ. წარმომავლობაში და კიდეც ამაყობდა წინაპრებით, ეროვნ. თვითშეგნებითა და სარწმუნოებით სომეხი იყო და სომხეთის პოლიტ. და კულტ. ინტერესების ერთგულ დამცველად გვევლინება. ზ. ქ-ის საისტ. თხზულება სამი ნაწილისაგან შედგება. უფრო ფასეულია მისი თანადროული ამბების ამსახველი მეორე ნაწილი, სადაც მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტ. მოვლენებთან კავშირში დაწვრილებით გადმოგვცემს საქართველოში მიმდინარე პოლიტ. და სოც. პროცესების ამსახველ ფაქტებს. რამდენადაც ზ. ქ. უმთავრესად ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა, მის მონათხრობში მრავალ უზუსტობას ვხვდებით, მაგრამ ამასთანავე ჩვენი ისტ. ცალკეულ ფაქტებს უცნობი დეტალებითაც ავსებს. ვრცლად აღწერს გიორგი სააკაძის აჯანყებას შაჰის წინააღმდეგ, ყარჩიხა-ხანის მოკვლის ეპიზოდს და საინტერესო დეტალებს გვაწვდის მარტყოფის ბრძოლის შესახებ (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625). ყურადღებას იქცევს ცნობები როსტომისა და თეიმურაზ I-ის მტრობის, ერეკლე I-ისა და გიორგი XI-ის ბრძოლების, ვახტანგ V შაჰნავაზის ცხოვრება-მოღვაწეობის, თუმანიშვილებისა და ბარათაშვილების საგვარეულოთა დაპირისპირებისა და სხვა ისტ. სიუჟეტების შესახებ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის ერევნის სახანოს ქართვ. მმართველების – ხოსრო-ხანისა და ზალ-ხანის შესახებ, რ-თა მოღვაწეობასაც სომეხი ისტორიკოსი უაღრესად დადებითად აფასებს. ლიტ.: დავლიანიძე ლ., ზაქარია ქანაქერცის ზოგიერთი ცნობა საქართველოს შესახებ, კრ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, [ტ.] 7, თბ., 1987; მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941. გ. მაისურაძე.