ზაქარია (ქვარიანი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია ქვარიანი კასტელის ალბ.png

ზაქარია (ქვარიანი) (გ. 1660), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1657–60, იმავდროულად გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მიტროპოლიტის წოდებით. მას საგვარეულო მამულები და სასახლე ჰქონდა ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, სადაც 1637–39 მთავარანგელოზის ეკლესია, ციხე და სახლ-კარი ააშენა. იგი იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ალექსანდრე III-ის პირადი მოძღვარი იყო. ზ. აქტიურად მონაწილეობდა დას. საქართველოს პოლიტ. ცხოვრებაში. ზრუნავდა დას. საქართველოს ეკლესიისა და კულტ. მთლიანობის განსამტკიცებლად. ზ-მ დაახლ. 1659 ოდიშის მთავარს, ვამეყ III დადიანს ფიცი დაადებინა ოდიშის საკათოლიკოსო მამულების მმართველობაში ჩაურევლობის შესახებ, მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო სადგომად სენაკის საწინამძღვრო ეკლესია მამულებითა და სასახლით; საკათოლიკოსო სადგომად გურიის მთავრებისაგან მიიღო აკეთის საწინამძღვრო ეკლესია ასევე მამულებითა და სასახლით. ცნობილია მისი შეკვეთით 1652–55 გადაწერილი დიდი გულანი, რ-იც 1705 დავითგარეჯის მონასტრისათვის შეუწირავთ. ზ. სიცოცხლეშივე გამოუხატავთ გელათის ეკლესიის სამხრ. სვეტზე. მისი მოღვაწეობა აღწერილი აქვთ რუს. ელჩებს – იევლიევსა და ტოლოჩანოვს, იტალიელ მისიონერებს – იოსებ ძამპის და ანდრეა ბორომეოს, რ-ებიც პირადად იცნობდნენ ზ-ს. დაკრძალულია გელათში. ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. ბ. ლომინაძე.