ზაქარია (ჯორჯაძე)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია (ჯორჯაძე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623–32, ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლ. 1613–23, სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614, კახეთში აბას I-ის შემოსევის დროს, ზ. კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან 1624 ქართლის სამეფო ხელისუფლებას განაახლებინა მცხეთის საკათოლიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალ. მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დას. ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნ. ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი (იხ. ჩოლოყაშვილი ნ. ), რასაც ქ. კასტელის ცნობაც ამოწმებს: “ეს ნიკიფორეა, გვარად ირბახი, მეფისა და საქართველოს პატრიარქის ელჩი”. ზ-ს ურბან VIII-მ საჩუქრად გამოუგზავნა თვალმარგალიტით შემკული მიტრა და ფალონი, მაგრამ იგი ლათ. ყაიდის იყო და ზ-მ თეიმურაზ I-ს გადასცა. ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. ბ. ლომინაძე.