ზდანევიჩები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირილე და ილია ზდანევიჩები.png


ზდანევიჩები, ძმები კირილე და ილია – მხატვრები, მწერლები, პუბლიცისტები, რ-თაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ნ. ფიროსმანაშვილის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. მათი მამა – მიხეილ ანდრიას ძე ზდანევიჩი – წარმოშობით პოლონელი იყო, დედა – ვალენტინა კირილეს ასული გამყრელიძე – ქართველი. კირილე (9. VII. 1892, კოჯორი, – 1. XI. 1969, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, ხელოვნების მკვლევარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე. სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, პარალელურად მეცადინეობდა ნ. სკლიფასოვსკის ფერწერისა და ხატვის სასწავლებელში. 1911 სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, სადაც დაუახლოვდა მხატვრებს მ. ლე-დანტიუს, მ. ლარიონოვს, ნ. გონჩაროვას, რამაც გარკვეული გავლენა იქონია მხატვრის შემოქმედებაზე. მონაწილეობდა სამხატვრო საზ-ბა “ოსლინი ხვოსტის” მიერ ნეოპრიმიტივიზმის ლოზუნგით პეტერბურგსა და მოსკოვში მოწყობილ გამოფენებში. 1912 მ. ლე-დანტიუსთან ერთად თბილისში აღმოაჩინა და შეაგროვა ნ. ფიროსმანაშვილის ნამუშევრები, მისი შემოქმედება დიდ მხატვრულ მოვლენად მიიჩნია, დაწერა და გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი, ნარკვევი და სტატია მხატვრის შესახებ (მონოგრაფიები 1963, 1964, 1965), ხოლო სურათები გადასცა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმს. 1914 ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. 1914–17 მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1917, დაბრუნდა თბილისში. გახდა “ფუტურისტების სინდიკატისა” და საზ-ბა – “უნივერსიტეტი 410-ის” წევრი. 1918–20 გააფორმა სპექტაკლები კლუბში “ლადია არგონავტოვ”, ამავე დროს მუშაობდა წიგნის გაფორმების დარგში. განსაკუთრებით საინტერესოა მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები ფუტურისტული კრებულისათვის “ზაუმ”. 1921-იდან აქტიურად მონაწილეობდა თბილ. კულტ. ცხოვრებაში. ბევრს მუშაობდა როგორც თეატრის მხატვარი, ქმნიდა საინტერესო აგიტპლაკატებს, აფიშებს, ფერწერულ და გრაფ. სურათებს. 1949 გადაასახლეს ვორკუტაში. 1959 გაათავისუფლეს და განაგრძო შემოქმედებითი მოღვაწეობა როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი რამდენიმე პერს. გამოფენა: კუბისტურ ნამუშევართა გამოფენა (პარიზი, სამხატვრო გალერეა “დარიალი”), “კ. ზდანევიჩი და კუბოფუტურიზმი” (ნიუ-იორკი, 1987), “კირილე და ილია ზდანევიჩები”, გამოფენის კატალოგი (საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი, 1989). ილია (ილიაზდი) (21. IV. 1894, თბილისი, – 25. II. 1975, პარიზი), პოეტი, მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ფუტურისტული მოძრაობის თეორეტიკოსი. 1911–17 სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. ამ დროს დაუახლოვდა ავანგარდისტ მხატვართა თვალსაჩინო წარმომადგენლებს. 1913 ლიტ-რასა და ხელოვნებაში პირველმა წამოაყენა ე. წ. “ვსეჩესტვოს” (ყოვლისშემძლეობა) იდეა. მხატვარ მ. ლარიონოვთან ერთად გამოაქვეყნა ფუტურისტების მანიფესტი “რატომ ვფერადდებით”. 1913, არდადეგებზე თბილისში ჩამოსული, გაეცნო ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედებას. პირადად შეხვდა მხატვარს, რ-მაც შეასრულა ილიას პორტრეტი (დაკვეთით). გაზეთებში “ზაკავკაზსკაია რეჩ” და “ვოსტოკ” მან გამოაქვეყნა წერილები ნ. ფიროსმანაშვილის შესახებ (ერთ-ერთი პირველი წერილი 1914 დაიბეჭდა). იგი ფიროსმანაშვილის თემით დაინტერესებული იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1972 პარიზში დაისტამბა ზ-ის წიგნი “ნიკო ფიროსმანაშვილი”, რ-შიც გამოქვეყნდა პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანაშვილის გრაფ. პორტრეტი. 1916 ძმასთან ერთად მოაწყო ნ. ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ერთდღიანი გამოფენა თბილისში. 1917 მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ ტაო-კლარჯეთში მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც აზომა და ჩახატა ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლები. 1921 ეს მასალა გამოიფინა პარიზის დეკორ. ხელოვნ. მუზეუმში, ხოლო ბიზანტინისტთა ყოველწლიურ ყრილობაზე მონაწილეობისას ცდილობდა მსმენელთა ინტერესი აღეძრა თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრილი ამ ძეგლებისადმი. 1919 თბილისში დააარსა გამომცემლობა “410”, სადაც დაისტამბა მისი დრამები. 1920–21 ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, სწავლობდა სოფიის ტაძრის არქიტექტურას. 1921-იდან ცხოვრობდა პარიზში, იყო “რუს მხატვართა კავშირის” მდივანი. 1922, ვ. მაიაკოვსკისთან შეხვედრის შემდეგ, საბჭ. ხელოვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით დააარსა ლიტ.-მხატვრული ჯგუფი “ჩერეზ”. 1924 მუშაობდა თარჯიმნად საბჭოთა საელჩოში, პარიზში. იყო კოკო შანელის ფაბრიკის მხატვარი, შემდეგ დირექტორი. მისი პერსონალური გამოფენები: “კირილე და ილია ზდანევიჩები” (საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბ., 1957), “შეხვედრა ილიაზდი-პიკასო” (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, 1998, პარიზი), “ილიაზდი” (პომპიდუს ცენტრი, 1978), “ილიაზდი, როგორც წიგნის ხელოვნების ოსტატი” (მონრეალი, კვებეკის უნ-ტის ხელოვნ. გალერეა, 1984), “ილიაზდი და ილუსტრირებული წიგნი” (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი, 1987). ლ. დოლაბერიძე.