ზდანოვიჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზდანოვიჩი გიორგი ფელიქსის ძე (ფსევდ. მაიაშვილი) [4 (16). XI. 1854, ქუთაისი, – 31.VII (13. VIII). 1917, იქვე], ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი, პუბლიცისტ-ეკონომისტი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების (1871) შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის ტექნოლ. ინ-ტში. რევ. მოღვაწეობა დაიწყო 1873 “ქართველთა წრეში”. 1874 გადავიდა მოსკოვში, იყო “სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის” (“მოსკოველთა წრე”) ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელი პ. ალექსეევთან, ს. ბარდინასთან, ი. ჯაბადართან და სხვებთან ერთად. 1875 მეფის ოხრანკამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები დააპატიმრა. ზ. შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას და თავის თავზე აიღო ორგანიზაციის ხსნა საბოლოო განადგურებისაგან. მალე ისიც დააპატიმრეს და გაასამართლეს “50-ის პროცესზე”, სადაც მან შთამბეჭდავი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. 1877 მიუსაჯეს კატორღა ციმბირში 6 წლითა და 8 თვით. 1886-იდან ცხოვრობდა ტომსკში და ხელმძღვანელობდა “სიბირსკაია გაზეტას”. 1889 დაბრუნდა ქუთაისში და თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან. იყო საქართვ. “სოციალისტ-ფედერალისტების” პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი მემარცხენე ხალხოსნური მიმართულების ლიდერი. ზ-ის მსოფლმხედველობა ნაროდნიკობის იდეოლოგიის გავლენით ჩამოყალიბდა. ზ. 1882 კ. მარქსის ნაშრომებს გაეცნო და 1886 რუსულად თარგმნა კ. მარქსის “ფილოსოფიის სიღატაკე” (არ გამოცემულა). XIX ს. 90-იან წლებში კავკ. პერიოდიკაში მარქსის მოძღვრების პროპაგანდას ეწეოდა. იგი თანდათან გათავისუფლდა ხალხოსნური იდეოლოგიის გავლენისაგან, უარყო დოქტრინა რუსეთისა და საქართველოს არაკაპიტალისტური გზით განვითარების შესახებ და დაიწყო საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების საჭიროების ქადაგება. იგი არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც იბრძოდა კაპიტალიზმის დასანერგავად, 1896–1917 იყო ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოს უცვლელი თავ-რე. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ქართველ მრეწველთა არაერთი ამხანაგობა და სააქციო საზ-ბა. თხზ.: რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1–2, თბ., 1967–68 (ქართ. და რუს. ენებზე). შ. ცირეკიძე.