ზეგაანის მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეგაანის მონასტერი.png

ზეგაანის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მახლობლად, ტყეში. სამონასტრო ნაგებობათაგან აღსანიშნავია VI–VII სს. ღვთისმშობლის სამეკლესიიანი ბაზილიკა – ყველაწმინდა. რიყის ქვით ნაგები შენობის გარეთა კუთხეები, ბოძების იმპოსტები და სარკმლის საპირეები (გარედან) ამოყვანილია შირიმის კვადრებით. შუა, მთავარი ეკლესიის აფსიდის კონქი და ბემის თაღი ნალისებრი ფორმისაა. კამარა ეყრდნობა თლილი ქვის კონსოლებზე გადაყვანილ სამ საბჯენ თაღს. ნავის დას. ნაწილში მოწყობილია პატრონიკე. სამხრ. ეკლესიასაც აღმ-ით აფსიდი აქვს, ხოლო მისი სამხრ. კედელი ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამთაღოვანი შესასვლელითაა გახსნილი. ჩრდ. ეკლესია უაფსიდოა. მასაც მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი ორთაღიანი შესასვლელი აქვს. მონასტერი შემოზღუდულია გალავნით, რომლის შიგნით შემორჩენილია დარბაზული ეკლესია და საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები. მონასტრის მახლობლად, ტყეში V ს. წმ. მარინეს ეკლესიაა. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის შენობის გუმბათი ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. სამხრ. და ჩრდ. მკლავები დაბალია. ყველა მკლავი გადახურულია ნალისებრი ფორმის კამარით. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. ინტერიერში შემონახულია გვიანდელი ხანის მოხატულობა (რესტავრირებულია 2009). ლიტ.: Чубинაшвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. შ. საღარაძე.


ზეგაანის მონ წმ მარინეს ეკლეს.png