ზეგარდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეგარდა, XIII–XIV სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. დიღმის მიდამოებში. გეგმით სწორკუთხა, პატარა ზომის ნაგებობა აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდით არის დასრულებული. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. ნათდება საკურთხევლისა და სამხრ. და ჩრდ. კედლების სარკმლებიდან. ჩრდ. კედელში სარკმლის დატანება იშვიათია შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრებისთვის. ასევე თავისებურადაა გადაწყვეტილი საკურთხევლის აფსიდიც: სატრიუმფო თაღის პილასტრები აფსიდის ნახევარწრეს კი არ ერწყმის, არამედ გამოწეულია მის ფარგლებს გარეთ. ფასადი შემოსილია ქვის გათლილი ფილებით. დას. მხარეს შემოყოლებულია ვიწრო ფილების სარტყელი, რ-იც აქ დეკორ. დანიშნულებას ასრულებს. სამხრ. კარის თავზე მოთავსებული არქიტრავი შემკული იყო ნახევარწრიული თაღით. დეკორ. მორთულობიდან აღსანიშნავია სხვადასხვა სიგანის 3 რელიეფური ლილვით შემკული საკურთხევლის სარკმლის საპირე. ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.