ზედაზნის მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედაზნის მონასტერი.png


ზედაზნის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობს მცხეთის ჩრდ.-აღმ-ით, მდ. არაგვის მარცხ. ნაპირზე, საგურამოს ტყიანი ქედის ზედაზნის მთის კეხზე. ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული იყო ზადენის წარმართული კერპი, რ-ის ადგილზე VI ს. 40-იან წლებში ერთ-ერთ ასურელ მამას იოანეს ქართ. მონასტერი დაუარსებია. შემდეგში მას იოანე ზედაზნელი უწოდეს, ხოლო მონასტერს – იოანე ზედაზნელის მონასტერი. ზ. მ-ში მოღვაწე მწიგნობართაგან ცნობილია მხოლოდ მიქაელ წინამძღვარი (XI ს.), რ-ის ინიციატივით, მისივე მიწოდებული მასალის საფუძველზე, უცნობმა ავტორმა შექმნა “იოანე ზედაზნელის ცხოვრების” მეტაფრასული რედაქცია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რ-იც ააშენა კათოლიკოსმა კლემენტოსმა VIII ს. დასასრულს (ადრინდელი პატარა დარბაზული ეკლესია ჩართულია მის მოცულობაში). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწროა და მაღალი. აღმ-ით მას ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შიგა სივრცე ორ წყვილ პილასტრზე აგურით ამოყვანილი ნახევარწრიული საბჯენი თაღებით სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. ნათდება საკურთხევლისა და გრძივი კედლების ზემო ნაწილებში გაჭრილი სარკმლებიდან. სამხრ. და ჩრდ. ნავები მთავარ ნავს აგურით ამოყვანილი ნალისებრი ფორმის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდ. ნავის აღმ. ნაწილში მოქცეულია VI–VII სს. მიჯნაზე აგებული პატარა დარბაზული ეკლესია, რ-ის გეგმით სწორკუთხა აფსიდი გადახურულია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი მოხაზულობის კონქით. საკურთხეველი 4 საფეხურითაა ამაღლებული. აქ დგას იოანე ზედაზნელის ქვის კუბო “პატიოსანი ლუსკუმა“, რ-იც ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდ. ნავის დას. ნაწილში წყლის აუზია. სამხრ. ნავი 2 ნაწილისგან შედგება, მის აღმ. მონაკვეთში უშუალოდ მასთან კარით დაკავშირებულია თითქმის კვადრატული სათავსი. ეკლესიაში შესასვლელიც თავდაპირველად აქედან იყო (ახლანდელი დას. შესასვლელი მოგვიანებითაა გაჭრილი). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივია და სადა. აღმ. ფასადზე სარკმლები განლაგებულია ასიმეტრიულად. მთავარი ნავის სარკმელი შემკულია “განედლებული“ რელიეფით, თვით ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის თლილი ქვით შემოსილი ცილინდრულკამარიანი კვადრ. კარიბჭე, რ-ის სახურავზე აგურით ნაგები, თაღებით ოთხმხრივ გახსნილი რვაწახნაგა სამრეკლო დგას. მის დას-ით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII ს.). ზ. მ. რამდენჯერმეა შეკეთებული; 1970–71 ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. ლ. მენაბდე. ნ. ანდღულაძე.