ზედა თმოგვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა თმოგვი.png

ზედა თმოგვი, XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, ამავე სახელწოდების ნასოფლარში (ასპინძის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდ-ით მაღალმთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი მუქი ნაცრისფერი ბაზალტის ქვით. გადახურულია ლორფინებით. მაღალი და ფართო ცენტრ. ნავი გვერდის ნავებისაგან 2 წყვილი სვეტითა და მათზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღით არის გამოყოფილი. აღმ. ფასადზე გეგმით სამკუთხა ორი დიდი ნიშია და სხვადასხვაგვარად შემკული სამი სარკმელი. სამხრეთიდან სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული, ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდ. კედელში ჩართულია VIII–IX სს. მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრ. კედელი შესასვლელითურთ, რ-ის დეკორი – ორ წაწყვილებულ სპირალზე დაყრდნობილი ნალისებრი თაღი – ჩრდ. ნავის ინტერიერშია მოქცეული. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ ძეგლი ბაგრატ IV-ის მეფობის (1027–72) დროს აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს – ერისთავთ ერისთავს ფარსმანს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა. ლიტ.: გაბაშვილი ც., პორტალები ქართულ არქიტექტურაში, თბ., 1955; გ ვ ე რ დ წ ი თ ე ლ ი რ., ზედა თმოგვის ეკლესიის წარწერები, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1947, ტ. 14. რ. გვერდწითელი.