ზედგზითი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედგზითი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. ეკლესია ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი პროვინციის ჰერეთის ტერიტორიაზე (დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, შექის რ-ნის სოფ. ორთა-ზეიზითის მახლობლად). ნაგებობა წარმოადგენს ე. წ. “თავისუფალი ჯვრის” ტიპის ვარიანტს. გარედან იგი მთლიანად სწორ რიგებად დალაგებული შირიმის თლილი კვადრებით არის ამოყვანილი; შიგნითა კედლები წვრილი ნატეხი ქვითაა ნაგები. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები (თაღები, კამარები) გამოყვანილია შირიმით. აფსიდაში ორი ნიშია მოწყობილი. ნიშები იატაკიდან იწყება. 3 საბჯენი თაღითა და აფსიდის კონქით შემოფარგლულ გუმბათქვეშა კვადრატს აქვს სწორკუთხა კვეთის თაღების ორი და ლილვის ფორმის მესამე საფეხური, რ-იც ენასკვება გუმბათქვეშა სალტის ლილვს. გუმბათქვეშა კვადრატზე აღმართულია დაახლოებით ორჯერ ნაკლები დიამეტრის მქონე გუმბათის ყელი. თავდაპირველად ეკლესია მოხატული ყოფილა. დას. მკლავის ჩრდ. კედელზე შემორჩენილია მხატვრობის მცირე ფრაგმენტი, XIX ს. 80-იან წლებში აქ შესაძლებელი იყო მთავრული ასოების გარჩევა. ამ თავისებური ეკლესიის პარალელები გვხვდება X–XI სს. მიჯნის ტაო-კლარჯეთისა და თრიალეთის ძეგლებში, რითაც განისაზღვრება მისი აგების თარიღი. შენობის ჩრდ. მკლავზე მიშენებულია მცირე კაპელა – საძვალე. ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. გ. მარჯანიშვილი.