ზედქალაქის საყდარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედქალაქის საყდარი, მაცხოვრის ჯვარცმის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი ზემო რაჭის სოფ. ზედქალაქში, რ-იც ფეოდ. ხანის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად დაწინაურებული სოფელი იყო (XVII ს-ში გაერთიანდა სოფ. ღებთან). ზ. ს. XI ს-იდან 1544-მდე – ცაგერის, 1544-იდან XIX ს. 20-იან წლებამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა, სადაც თავიანთი სამწყსოს შემოვლისას ეპისკოპოსები დროდადრო ჩერდებოდნენ. ტაძრის ეს საპატიო ფუნქცია იგულისხმება ჯაფარიძეებისა და ზემო სვანეთის სასისხლო საქმის სასამართლო გადაწყვეტილებაში (1503), სადაც ზედქალაქის ეკლესია “საეფისკოპოზო საყდრად” იწოდება. ზედქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ჯვარცმის ეკლესიას XVI ს. დასაწყისისათვის ასი კომლი ყმა-გლეხი ეკუთვნოდა. ეკლესიის მეურნეობას ქორეპისკოპოსები განაგებდნენ, რ-ებიც ადგილობრივ სამღვდელო ან საერო პირთაგან ინიშნებოდნენ ეპისკოპოსების მიერ. ლიტ.: ბერაძე თ., რაჭა, თბ., 2004; მეტრეველი რ., რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013; ჩხატარაიშვილი ქ., ქართული ეკლესიის ისტორიიდან, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, თბ., 1999. გ. არახამია.