ზეინკლიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ ზეინკლიშვილი.png

ზეინკლიშვილი თენგიზ ვასილის ძე (14. X. 1933, ბორჯომი, – 4. VII. 1990, იქვე, დაკრძალულია თბილისში), მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. დამს. არტისტი (1967). 1960 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ვოკალის განხრით, ხელმძღვ. პროფ. ნ. ბოკუჩავა) და იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1958 (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს) მონაწილეობა მიიღო ქართ. ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში. შეასრულა გოჩას არია ა. ბალანჩივაძის ოპერა “დარეჯან ცბიერიდან”. 1964 სტაჟირება გაიარა მოსკ. დიდ თეატრში (პროფ. ლისიცინის კლასი). აქ მან წარმატებით შეასრულა ამონასროს პარტია (ჯ. ვერდის “აიდა”, ზ. ანჯაფარიძესა და გ. ვიშნევსკაიასთან ერთად). თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულებული პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე”), სილვიო (რ. ლეონკავალოს “ჯამბაზები”), ამონასრო, ჟერმონი (ჯ. ვერდის “აიდა”, “ტრავიატა”) და სხვ. გაახმოვანა მურმანის პარტია ქართ. მხატვრულ ფილმში “აბესალომ და ეთერი”. ჰქონდა ძლიერი, ლამაზი ტემბრის ხავერდოვანი ხმა, სცენური კულტურა.