ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა, საინჟინრო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. სარწყავი სისტემა დააპროექტა საპროექტო ინ-ტმა “საქწყალპროექტმა” 1964. 1965 დაიწყო მშენებლობა, რ-ის პირველი რიგი ექსპლუატაციაში შევიდა 1979. სარწყავი სისტემის მთავარი სათავე ნაგებობა აშენებულია მდ. ალაზანზე, სოფ. დუისთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და უზრუნველყოფს მდინარიდან სარწყავი წყლის აღებას (24 3/წმ), რ-იც მაგისტრალური არხის (სიგრძე 89,2 კმ) მეშვეობით მიედინება ალაზნის ვაკესა და ივრის ზეგანზე. სისტემის დამატებითი კვებისათვის მდ. ილტოზე (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) აშენებულია დაბალწნევიანი კაშხალი, რ-იც მაგისტრალურ არხს მე-18-ე კმ-ზე (ქ. ახმეტასთან) დამატებით აწვდის (6 3/წმ) წყალს. ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი გადის პანკისის ქედის აღმ. კალთის ძირში, შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთს მდ. ფაფრისხევამდე. რთულმა რელიეფურმა პირობებმა განაპირობა მსხვილი ჰიდროტექ. ნაგებობების მოწყობის აუცილებლობა, ესენია: 7 გვირაბი (საერთო სიგრძე 13834 ), 14 გალერეა (7608 ), 18 დიუკერი (7266 ) და ა. შ. ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი ალაზნის ვაკის მარჯვ. მხარეზე თვითდინებით რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მიწებს (21,8 ათ. ჰა). ზ. ქაჯაია.