ზემო ალვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ალვანი.png

ზემო ალვანი, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ა., ხორბალო). ზ. დ. 460 , ახმეტიდან 9 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 42 კმ. 5,0 ათ. მცხ. (2002). თავდაპირველად არსებობდა ალვანის ველი, რ-საც მხოლოდ საძოვრად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრ. ადგილად იგი XIX ს. დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც. ამჟამად ზ. ა. დასახლებულია თუშებით (წოვათა და პირიქითა თემები). 1972 სოფლის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის დასასრ. არქეოლ. ძეგლი, რ-იც შეისწავლა კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ქვაყრილიან სამარხში აღმოჩნდა გეომ. ორნამენტებით შემკული თიხის ნივთები – 8 ქილა, ხელადა, კათხა, 2 პატარა სასმისი, ქილებისა და ჯამების ფრაგმენტები და ბრინჯაოს სატევარი (მასალა ინახება ზ. ა-ის საშ. სკოლის მუზეუმში). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით დგას VIII–IX სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქვის კედლით შემოზღუდული იოანე ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა. ბაზილიკის გარდა გალავნის შიგნით მარნისა და სხვადასხვა დანიშნულების სამეურნ. და საცხოვრ. ნაგებობათა ნაშთებია. ეკლესია ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები – ბოძები და თაღები – ამოყვანილია აგურით. ბაზილიკის შუა ნავი დასრულებულია აფსიდით, რ-ის ორივე მხარეს მისგან იზოლირებული და გვერდის ნავებთან გასასვლელებით დაკავშირებული გეგმით სწორკუთხა სათავსებია. შიდა სივრცე გეგმით ჯვრისებრი ბოძების 2 წყვილით სამ ნავად არის გაყოფილი. მთავარი ნავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ბაზილიკის კედლები მთლიანად მოხატულია. დას. კედელზე შემონახულია ლევან მეფისა (1520–74) და თინათინ დედოფლის პორტრეტული გამოსახულებანი. XVII ს. ბაზილიკას სამხრეთიდან მიაშენეს აგურის ორსართულიანი სამრეკლო, რ-ის ქვედა სართული კვადრატულია, ზედა კი – რვაწახნაგა. ბაზილიკის მახლობლად მაღალ მთაზე მდებარეობს ლევან მეფის სასახლის – “ცხრაკარას“ ნანგრევები. აგურით ნაგები სასახლის საძირკველი ქვით იყო ამოყვანილი. ნაგებობა წარმოადგენდა ერთ მთლიან ვრცელ დარბაზს. სამხრ. კედელში დატანებული ექვსი სარკმელი გადაჰყურებდა მის წინ გაშლილ ალაზნის ველს. ლიტ.: დედაბრიშვილი შ., რუსიშვილი რ., ზემო ალვანის შუაბრინჯაოს ხანის სამარხი, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, ტ. 4, თბ., 1980; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. მ. ბალიაური. თ. საყვარელიძე. რ. რუსიშვილი.