ზემო ბოშური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ბოშური, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტანის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1200 , გორიდან 30 კმ. 167 მცხ. (2002). სოფელს არ ახსენებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), როგორც ჩანს იმ დროს ის უკვე ნასოფლარია, რასაც ადასტურებს აქ დარჩენილი ძვ. ეკლესიის ნანგრევები. სავარაუდოდ, აქ მჭიდრო დასახლება იყო, მაგრამ განადგურებულია ლეკიანობის დროს. სოფელი ახლოს არის მდ. ტანის სათავეებთან. XIX ს-ში ეს მხარე გაუკაცრიელებულია, რის გამოც ერისთავებს აქ ქსნისა და არაგვის ხეობებიდან მთიულები გადმოუსახლებიათ. მდ. ტანის ხეობაში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი მარიამწმინდის ეკლესია (ღვთისმშობლის ეკლესია) – თარიღდება IX–X სს.