ზემო ზახორის (ზაყორის) სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ზახორის (ზაყორის) სამაროვანი, III ს. არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩენილია (1974) სოფ. ზემო ზახორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი). გამოვლენილ სამარხებში აღმოჩნდა: ცხოველთა გამოსახულებიანი ბრინჯაოს ჭვირული ბალთა, მშვილდსაკინძის რკალისებური მშვილდი ბულით, კონუსის მოყვანილობის, დაფანჯრულკორპუსიანი ზარაკი, რ-საც აქვს ყუნწი და ძეწკვი; ვერცხლის ბეჭედი, რ-ის მინის ინტალიოზე გამოსახულია ლომი; მინის, სარდიონის, ქალკედონის და გიშრის მძივები; გოტარზეს პართული ვერცხლის დრაქმა და სხვ. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. ლიტ.: ჯავახიშვილი ქ., გვიანანტიკური ხანის სამარხი ს. ზახორიდან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1987, ტ. 39 В. ქ. ჯავახიშვილი. ბ. ჯორბენაძე.