ზემო სხვილისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო სხვილისი, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვილისის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ბორბალას (ფოცხოვისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1050 , ახალციხიდან 5 კმ. 336 მცხ. (2002). “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” (1595) ეს სოფელი ახალციხის ლივის ჩილდირის რაიონში ითვლებოდა. იქ ზ. ს. ქვემო სხვილისთან ერთადაა აღრიცხული და 30 კომლი ქართველია ჩამოთვლილი. ეს სოფელი ძირითადად მიწათმოქმედებას (მემინდვრეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა-მევენახეობა) მისდევდა, ჰყავდათ საქონელი და ფუტკარი, ჰქონდათ წისქვილები (10 თვალი). მინაწერში ნახსენებია ვენახი და ბაღი პაპუნა უზუნასძისა, “აწ ახალციხის ციხის მცველის იბრაჰიმის მფლობელობაში მყოფი”. აქვეა ნახსენები ვენახი, საყანე მიწა და წისქვილი, რ-იც სამეფო კარის ჩავუშის ალის მფლობელობაში იყო. ამავე მინაწერში ნათქვამია, რომ მდ. ბორბალადან მომდინარე წყლის მესამედი ძველთაგანვე სხვილისის საზღვარზე მდებარე მიწების, ვენახისა და ბაღის სარწყავი ყოფილა. სოფლის წლიური გამოსაღები 26200 ახჩას შეადგენდა. 1694–1732 ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში ზ. ს. აღარ ჩანს. სხვილისში ახლა XIX ს. 30-იან წლებში არზრუმის მხრიდან გადმოსახლებული სომხ. მოსახლეობაა. იქაური ახ. ეკლესია აშენებულია 1900. წყარო: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58. დ. ბერძენიშვილი.