ზემო ქვეყანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ქვეყანა, ზემო მხარი, ისტორიული მხარე იმერეთში, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო. ისაზღვრებოდა: აღმ-ით – ლიხის ქედით, ჩრდ-ით – რაჭის ქედით, სამხრ-ით – აჭარა-იმერეთის ქედით, დას-ით – მდ. ყვირილის შენაკადებით (ბუჯა, ძუსა, ჩოლაბური). მოიცავდა ყოფილი არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს. ზ. ქ-ის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აბაშიძეთა და წერეთელთა ფეოდ. საგვარეულოებს ეკუთვნოდა. სადროშოს სარდლებიც, ჩვეულებრივ, ამ საგვარეულოებიდან გამოდიოდნენ. XVIII ს. დასაწყისში ზ. ქ-ის ერთი ნაწილი, ხეფინისხევი და ჩხერიმელის ხეობის ზემოთი, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. იხ. აგრეთვე სტ. ზემო იმერეთი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. თ. ბერიძე.