ზემო ყარაბულაღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ყარაბულაღი.png


ზემო ყარაბულაღი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), გომარეთის პლატოზე, შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ყარაბულაღის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ყ., ახა, გედაგდაღი, მამიშლარი, სალამალეიქი, სოღუთლო, უსეინქენდი, ქვემო ყარაბულაღი). ზ. დ. 1320 , დმანისიდან 18 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან, დგას XI ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული არიან დავით და კვირიკე მეფეები. შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა. ლიტ.: Такайшвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913. ლ. რჩეულიშვილი.