ზემო შავნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო შავნი, ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში (სკვირეთში, ანუ მდ. ვერის ხეობაში, მის სათავეებში). ამჟამად ეკუთვნის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს. აღნიშნულია ვახუშტის რუკაზე და შავთას სახელწოდებით მოხსენიებულია ქვემო ქართლის სოფლების სიაში. ისტ. საბუთებში მოხსენიებულია XVII ს-იდან, როგორც საბარათიანოს სოფ. შავნი, შავთა, შამთა, ზემო შავნი. ნაოხარი და ნასოფლარი ტერიტორია ბარათაშვილებისაგან იყიდა ყორღანაშვილმა და ხელახლა გააშენა. აქვე იყო მონასტერიც, რ-იც როსტომ მეფემ ყორღანაშვილებს დაუმტკიცა. სოფელი არსებობდა განვითარებულ შუა საუკუნეებშიც, რასაც მოწმობს აქ შერჩენილი ეკლესიის ნანგრევი და საფლავის ქვები. გვიან ხანებში აქ ჩამოსახლდნენ მთიულები, რ-თა სოფლებს ეწოდებოდა დიდი შამთა, მეორე შამთა და მესამე შამთა. დღეს ყველა ეს სოფელი დაცლილია. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, [წგ.] 1, თბ., 1964. თ. თოდრია.